„ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურმა 506, 997 ლარის დახმარება მათზე გასცა, ვისაც არ ეკუთვნოდა“-ამის შესახებ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია საუბარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესყიდვების, შრომის ანაზღაურების, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გაწეული სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტმა ვეტერანთა სამსახურის მხრიდან სოციალური დახმარების გაცემისას ხარვეზები გამოავლინა. გამოიკვეთა, რომ 0,5 მლნ ლარზე მეტი დახმარება გაცემულია მათზე, რომლებიც დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიას არ განეკუთვნებოდნენ.
„2016-2017 წლებში 506,997 ლარის დახმარება გაცემულია იმ 711 ბენეფიციარზე, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ დახმარების გაცემის წესით განსაზღვრულ კატეგორიებს. მათ შორის 241,373 ლარის სოციალური დახმარება გაწეულია ისეთ პირებზე (206 ბენეფიციარი), რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი აღემატებოდა 1,000 ლარს. მაშინ, როდესაც სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილებულა სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანი და სახელმწიფო პენსიის მიმღები ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების 879 განცხადება.
იქიდან გამომდინარე, რომ სამსახური არ ახორციელებს სოციალური დახმარების გაცემის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დადოკუმენტირებას, პროცესი ხასიათდება გაუმჭვირვალობით და იწვევს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“-ნათქვამია ანგარიშში.

























