თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვეტერანთა სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი “ვეტერანთა სოფლის” პროექტს აცოცხლებს. საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დასახლებებზე, რომელიც თავის დროზე სახელმწიფოს დაფინანსებით უნდა განხორციელებულიყო. პროექტი ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობის დროს, 2015 წელს დაანონსდა და ითქვა, რომ საზღვრისპირა რეგიონებში ინოვაციური ტექნოლოგიით აღჭურვილი დასახლებები შეიქმნებოდა, რომლებშიც თანამედროვე მეთოდებით სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებდნენ. პროექტის ღირებულება 75 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ის სახელმწიფომ არ განახორციელა. პროექტი მაშინ სწორედ ირაკლი შიხიაშვილს ჰქონდა ჩაბარებული.
მსგავსი შინაარსის პროექტი უკვე კერძო ინვესტიციით ხორციელდება და აქაც ერთ-ერთი ორგანიზატორი ირაკლი შიხიაშვილია.
ახალი პროექტის “გეორგიას” პრეზენტაცია 12 ივლისს, სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, “გეორგია“ გულისხმობს საქართველოს მასშტაბით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კოოპერატიული დასახლებების შექმნას, ასევე მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვას ისრაელის “მოშავის” სისტემის მაგალითზე.
“გეორგია“ ხორციელდება ებრაელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით.
“ის ეფუძნება ებრაული "მოშავი“-ს აპრობირებულ და წარმატებულ მოდელს და იძლევა ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის სისტემურ შესაძლებლობას.
პროექტი "გეორგია“ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს ოპტიმალურად გამოიყენოს მიწები, თანამედროვე აგრო-ტექნოლოგიების დახმარებით მიიღოს მაღალხარისხოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი და პროდუქცია, დაეუფლოს ახალ სპეციალობებს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და გაიუმჯობესოს ეკონომიკური პირობები.
პროექტ "გეორგია“-ს განხორციელების შედეგად დაიძლევა უმუშევრობა, შემცირდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების იმპორტი, გაიზრდება ექსპორტი, მოსახლეობა დაუბრუნდება სოფელს, გაიზრდება სახელმწიფოს შემოსავალი, დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და გაჩნდება ახალი პროფესიული კადრები.
"გეორგია“-ს განხორციელება საქართველოს შესაძლებელობას მისცემს გახდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი ქვეყანა ამიერკავკასიასა და რეგიონში”,-აცხადებენ ორგანიზატორები.
პრეზენტაციას წარუძღვებიან ირაკლი შიხიაშვილი, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი; ნიკოლოზ ჩხეიძე, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის ამერიკული ბორდის ხელმძღვანელი და აშშ-ში ორგანიზაცია „თვისტომის“ დამფუძნებელი; ბოაზ არფაზი - ვატიკანის უსაფრთხოების მრჩეველი და Picksec-ის დამფუძნებელი; გიორგი ოკრიბელაშვილი, ქართული დიასპორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანათავმჯდომარე.
პრეზენტაციას დაესწრებიან როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

























