საქართველოში "ვეტერანთა სოფლის" პროექტის განსახორციელებით ებრაელი ინვესტორები ისევ დაინტერესებულნი არიან, - ამის შესახებ ,,ქართულ-ამერიკული ალიანსის“ წარმომადგენელმა ირაკლი შიხიაშვილმა ,,საქმის კურსში“ განაცხადა და აქვე აღნიშნა - ,, არ გამოვრიცხავთ, რომ პროექტის შექმნისთის საჭირო 3 მილიონი დოლარი ბიძინა ივანიშვილს ვთხოვოთ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დაფინანსებას მოვიძიებთ“.
საუბარია პროექტზე, რომლის თანახმადაც საქართველოს განაპირა რაიონებში ომის ვეტერანებისთვის სოფელი შეიქმნებოდა, სადაც 500-ზე მეტი ოჯახი დასახლდებოდა და სოფლის მეურნეობაში ჩაერთვებოდა. ეს სოფელი მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეთი ტიპის დასახლებების ჩამოყალიბების მოდელად იქცეოდა. ის ისრაელის მოდელის ,,მოშავის“ მიხედვით უნდა შექმნილიყო, რაშიც ებრაელი ინვესტორები, კერძოდ ,,ფორტუნა ჰოლდინგი“ 75 მილიონი დოლარის ინვესტიციას, სესხის სახით ჩადებდა. პროექტი მთავრობის მიერ მოწონებული იქნა და მისი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლისთვის საპარტნიორო ფონდიდან 200 ათასი დოლარიც დაიხარჯა, თუმცა მოგვიანებით განვითარება ვეღარ ჰპოვა.
"შეიქმნა ძალიან მაღალი ხარისხის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ის ებრაელების კომპანიამ "ფორტუნა ჰოლდინგმა" გააკეთა, რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებული ორგანიზაციაა. პროექტით გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სავარგულებისა და საცხოვრებელი სახლების მოწყობა, რაც ორი წლის თავზე უნდა დასრულებულიყო. ამ სოფლის მაცხოვრებლები გაივლიდნენ სწავლებას, მომზადებას და დაეუფლებოდნენ პროფესიებს, ეს ყველაფერი კოპლექსურად უნდა გაკეთებულიყო, რის შედეგადაც ვიღებდით სოფელს, რომელსაც წლის განმავლობაში 150 მილიონის შემოსავალი ექნებოდა, საიდანაც ის მოახერხებდა სესხის დაფარვას. ამ 1400 ჰექტარზე იქნებოდა მეურნეობა, 1500 სულიანი მეწველი ძროხების ფერმა, რძის გადამამუშავებელი ქარხანა, კენკროვანი და სხვადასხვა ხილის ბაღები, მათი გადამამუშავებელი საწარმოები, ეს უნდა გაკეთებულიყო 75 მილიონი ლარის სესხით, რომელიც მოჰქონდა ,,ფორტუნა ჰოლდინგს“ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში. ამავდროულად ინვესტორი იღებდა ვალდებულებას, ექვს-წელიწადნახევრის განმავლობაში, სწორად განვითარებულიყო ეს პროცესები. საბოლოო ჯამში მიწა რჩებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ეს ქონება რაც შეიქმნებოდა რჩებოდა 550 ოჯახს და მათ რომ გამართულად ემუშავათ, ამის პასუხისმგებლობასაც ებრაელი ინვესტორები იღებდნენ.
ბოლო შეხვედრა პრემიერთან და ეკონომიკურ საბჭოსთან 2016 წლის იანვარში შედგა, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შეხვედრზე ებრაელი ინვესტორების წინადადება იყო, რომ 3 მილიონი დოლარი, რაც საჭირო იყო პროექტის მოსამზადებლად გაეღო სახელმწიფოს, ხოლო 75 მილიონს ისინი მოიტანდნენ, რომელსაც შემდეგ თვითონვე ამოიღებდნენ, რაზეც მთავრობამ უარი განაცხადა“ - განმარტა ირაკლი შიხიაშვილმა.
თუმცა, როგორც შიხიაშვილი აცხადებს, გაჩერებას არ აპირებს და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც თავად წარმოადგენს, შეეცდება ამ პროექტის ბოლომდე მიყვანას და მისი შექმნისთვის საჭირო 3 მილიონი დოლარის მოძიებას.
"ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი“ ძალიან მალე გააკეთებს პრეზენტაციას და წარადგენს ,,მოშავებზე“ კლიპებს, ეს იქნება 3-4 წუთიანი კლიპი, იმაზე, თუ რა არის ,,მოშავი“, ქართულ ვარიანტს ჩვენ დავარქვით ,,გეორგია“ და გვინდა საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში, თუ რას მოგვიტანს ,,გეორგია“, ანუ იგივე ,,მოშავი“, რომ ეს არის კონკრეტული პროექტი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის უსწრაფესი გეგმა, რომელიც ბევრი მიმართულებით საჭიროებს მთავრობისა და საზოგადოების მხარდაჭრას“ - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.