პოსტპანდემიური აღდგენის ნელი ტემპი ჩინეთში და გართულებული ლოგისტიკა - ამ ფაქტორებს უკავშირებს ჩინეთში ღვინის ექსპორტის კლებას Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი.
თუკი პანდემიამდე ჩინეთის ბაზარზე 18-20 მლნ დოლარის ქართული ღვინო გადიოდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 12.4 მლნ დოლარამდე შემცირდა, 2023 წლის 9 თვეში კი, ჩინეთში მხოლოდ 8.4 მლნ დოლარის ღვინოა გატანილი, 12%-ით ($1.1 მლნ) ნაკლები 2022 წლის 9 თვის მაჩვენებელზე.
ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ კლების მიუხედავად, ჩინეთი ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და პერსპექტიულ საექსპორტო ბაზრად რჩება, რასაც საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება უნდა დაეხმაროს.
„პოსტპანდემიურ პერიოდში აღდგენა შედარებით ნელა მიმდინარეობდა, რის გამოც დაგვიანდა პროცესები. არ გვაქვს დიდი ზრდა წინა პერიოდთან შედარებით, თუმცა ტენდენცია აღმავალია და დიდი იმედი გვაქვს რომ აღნიშნულია ინიციატივა (საქართველო-ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება), რომელიც გულისხმობს დიდ სამომავლო ბენეფიტს ქვეყნისთვის, ღვინის ექსპორტს დაეხმარება“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას ნუცა აბრამიშვილმა.
მისი თქმით, მთავარი გამოწვევა არის აღდგენის ნელი ტემპი უშუალოდ ჩინეთში, რაც თავის მხრივ ბაზრის კონიუნქტურამ და სიდიდემ განაპირობა. გართულებულმა ლოგისტიკამ კი, მიწოდების დრო გაზარდა.
„ამ მხრივ ვითარება დასტაბილურდება. ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება მეტი შედეგი და გავუტოლდებით 2019 წლის ნიშნულს, როდესაც, ჩვენთვის, ჩინეთი იყო ნომერ პირველი ბაზარი“, - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.
Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი ფიქრობს, რომ ბაზრებზე თავის დამკვიდრებისთვის მთავარია ქართული ღვინის ხარისხი და კონკურენტული ფასი. სწორედ ამას ელის ჩინელი მომხმარებელიც ქართველი მწარმოებლებისგან.
„რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბაზარი, ჩინეთიც ელის მაღალ ხარისხს, ელის ადეკვატურ ფასს, რომ გავუწიოთ კონკურენცია სხვა გლობალურ მწარმოებლებს. მათ უფრო მოსწონთ წითელი, ნახევრად ტკბილი ღვინოები, თუმცა, ეს შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ მე გავაკეთებდი აქცენტს ხარისხზე. ქართული ღვინის მწარმოებლურობა არის ლიმიტირებული, შესაბამისად, ხარისხი უნდა იყოს პრიორიტეტული ნებისმიერ ბაზარზე“, - მიიჩნევს ნუცა აბრამიშვილი.