2025 წლის პირველ 10 თვეში თბილისის უძრავი ქონების პირველად ბაზარზე გაყიდვების 73% შიდა განვადებებზე მოდის - ამის შესახებ კვლევის შედეგები „თიბისი კაპიტალმა“ კონფერენცია GREMO-ზე წარადგინა. როგორც მათ მიერ მომზადებული ანალიტიკა აჩვენებს, იპოთეკით ბინას მომხმარებელთა მხოლოდ 7% ყიდულობს, ნაღდი ანგარიშსწორებით კი -20%.
მსგავსი ტენდენციაა ბათუმშიც. გაყიდვის არხებში 73%-იანი მაჩვენებლით შიდა განვადებებია, რომელსაც 12%-ით იპოთეკა, 15%-ით კი ნაღდი ანგარიშსწორება მოჰყვება.
შიდა განვადებების წილის ზრდა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გამკაცრებული დაკრედიტების შედეგია. კვლევით ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ამ მხრივ ბაზარზე ბოლო წლებში არსებული ტენდენცია საყურადღებოა, რადგან დეველოპერულ კომპანიებს არ შესწევთ უნარი, რისკების ანალიზი საფინანსო ინსტიტუტების მსგავსად მოახდინონ.
პრობლემის შესახებ იციან საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც ბოლო თვეებია ბიზნეს ასოციაციის ჩართულობით სექტორთან შეხვედრები იმართება. მსჯელობა მიმდინარეობს უძრავი ქონების სექტორის დაკრედიტების წესების ცვლილებაზე, რომელმაც ერთი მხრივ, დეველოპერებისთვის საბანკო საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა უნდა გააფართოოს, მეორე მხრივ კი ეტაპობრივად შიდა განვადებები იპოთეკური სესხებით უნდა ჩაანაცვლოს.
არსებული სამუშაო შეხვედრების ფონზე სექტორი მოელის, რომ საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან შემუშავებული ცვლილებები სექტორის გამსხვილებას გამოიწვევს.
კერძოდ, „იბერკომპანის“ დირექტორი ლევან დიასამიძე გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას ამბობს, რომ შიდა განვადებების აკრძალვა ვერ მოხდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ამ გზით ბინის გაყიდვის საშუალება მათ კვალიფიციურობაზე იქნება დაფუძნებული.
„ერთი მხრივ, ბიზნესის გადმოსახედიდან სიგიჟეა რეგულაციებს ვითხოვდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, მეფიქრება იმაზე, რა პრობლემებთან შეიძლება მივიდეთ. შიდა განვადებების სრულად შეწყვეტა ძალიან რთული იქნება და ვფიქრობ, რომ გაყიდვებზე აუცილებლად აისახება, იმიტომ, რომ ბანკი სრულად ამ ნაკადს ვერ გადაიტანს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერები, რომლებიც შეფასდებიან კონკრეტული კრიტერიუმებით და რომლებსაც ექნებათ უფლება, გასცენ ასეთი ტიპის შიდა განვადებები.
ვფიქრობ, რომ ბაზარი ნელ-ნელა დაიძვრება გამსხვილებისკენ. როდესაც ვითარდება ბიზნესი, ყოველთვის ხდება გამსხვილება, ესეც ამას გამოიწვევს. ანუ თუ მხოლოდ კვალიფიციურ დეველოპერს შეეძლება განვადებით გაცემა და არა სხვებს, აუცილებლად მოვლენ მსხვილ კომპანიებთან. მე უფრო ასე ვუყურებ, რომ უფრო კვალიფიციური დეველოპერების შექმნა იქნება მნიშვნელოვანი, რომლებსაც ექნებათ უფლება გარკვეული ჩარჩოთი იმოქმედონ და დააფინანსონ შიდა განვადებით, ეს ვითარებას უფრო მართვადს გახდის. დღეს წარმოდგენა არ გვაქვს არავის, რა მოცულობით სესხებია გაცემული შიდა განვადებით, მინიმუმ ინფორმაცია მაინც გვეცოდინება, იმიტომ, რომ შეიძლება საერთოდ არ არის საგანგაშო", - განაცხადა ლევან დიასამიძემ.




























