ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა რეკომენდაციები ინვესტორებისთვის, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია მოიზიდოს ქვეყანამ ტურიზმის სექტორში.
როგორც მან მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით თბილისში გამართული ღონისძიებების შემდეგ bm.ge-ის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, პოტენციალი ამ მხრივ დიდია.
“ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად გამოვეცით რეკომენდაციები, თუ რატომ უნდა ჩადონ ინვესტიციები საქართველოში. რეკომენდაციებს ქვეყნებს და ჩვენს პარტნიორებს დავუგზავნით. ეს გრძელვადიანი სამუშაოა, რათა საქართველოში ტურიზმის სექტორში გაიზარდოს ინვესტიციები", - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
მისივე თქმით, დიდი გამოწვევაა ამ კუთხით ომი უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში, რამაც საქართველოში ჩამომსვლელი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეცვალა. თუმცა არის ახალი ბაზრები, სადაც საქართველოს მთავრობა მუშაობს.
მან ასევე ჩამოთვალა ის პოტენციური ქვეყნები, საიდანაც ყველაზე ლოგიკურია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა.
“ვფიქრობ, ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ყველაზე ახლო და ლოგიკური ინვესტორი არაბეთის ქვეყნებია. ასევე აზიური ქვეყნები - ჩინეთი და ინდოეთი - მზარდი ბაზრები, რომლებმაც იციან ჩვენი ქვეყანა. უკვე არსებობს პირდაპირი ფრენები, კომპანიები, რომლებიც წლებია აქ ოპერირებენ. ჩვენთვისაც უფრო მარტივია მათი დარწმუნება.
გარდა ამისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც ჩვენი ძირითადი პოტენციური ინვესტორები არიან და ევროპული ქვეყნები, რომლებიც წლებია საქართველოში ახორციელებენ ინვესტიციებს”, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და დასძინა, რომ ინვესტორებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, მეტი უშუალო კონტაქტი და კომუნიკაცია.