მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობ, კომპრომისებზეა საფიქრალი" - როგორია დღეს კომპრომისის ხელოვნება პოლიტიკაში?

ss

დავით სალარიძემ, რომელიც 1997 წლიდან - 2000 წლამდე სახალხო დამცველი იყო, საქართველოში დღეს არსებული ვითარება შეაფასა. როგორც მან BMGTV-ის გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ განაცხადა, აუცილებელია კომპრომისების ენა გამოინახოს, რომელიც დღეს არ არსებობს და სიტუაცია პირიქით ვითარდება.

"დაარღვიე კანონი, წადი ციხეში" და მეტი სალაპარაკო ენა აღარ არის - ეს უბრალოდ არაფერთან არ მივა", - განაცხადა მან.

დავით სალარიძის მოსაზრებით, იმისათვის რომ გამოსავალი მოიძებნოს კომპრომისებზეა საფიქრალი.

„დღევანდელი ვითარებიდან მეგონა დადგებოდა პერიოდი, როცა კომპრომისების ენა უფრო ალაპარაკდებოდა, ვიდრე შემდგომი ესკალაციის. სამწუხაროდ ასე არ ხდება და პირიქით არის. ვფიქრობ, კომპრომისებზეა საფიქრალი. ეპითეტები არც ერთ მხარეს არ აკლია - აქედან "უსამშობლოო", იქიდან "მონები" და ა.შ. და ამის გაგრძელება ქვეყნისთვის რომ არ ვარგა ეს ყველამ იცის“, - განაცხადა დავით სალარიძემ.

მან ასევე გამოსავლის გზებზე და იმ პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა, ვინც შეიძლება კომპრომისს ხელი შეუწყოს. მაგალითად მან ედუარდ შევარდნაძის პერიოდი მოიყვანა, როცა შევარდნაძემ, თენგიზ კიტოვანის შეწყალების დოკუმენტს ხელი მოაწერა. დავით სალარიძის თქმით, ამ დროს შევარდნაძემ "თავისი პირადი აზრის იქით გადადგა ნაბიჯი", იმისათვის რომ ქვეყანაში სიტუაცია მეტად არ გამწვავებულიყო.

„95-96 წელი იქნებოდა, [თენგიზ] კიტოვანი სახელმწიფო სტრუქტურებში აღარ იყო. მას თავისი შეიარაღებული ნაწილები ჰყავდა და გადაწყვიტა დამოუკიდებლად წასულიყო აფხაზეთის გასათავისუფლებლად. [ედუარდ] შევარდნაძე უკვე სახელმწიფოს სრულყოფილი მეთაური იყო. კიტოვანი დაიჭირეს და ამაზე სერიოზული ვნებათა ღელვა გაჩნდა, რომ მას საქართველოს საქმე უნდოდა გაეკეთებინა და არ აცალეს და ა.შ. კიტოვანი ავჭალის კოლონიაში იყო, სადაც ერთდროულად იყო ყველა: ზვიადისტებიც, გვარდიელებიც, მხედრიონელებიც და ა.შ. გარეთ სიტუაცია დუღდა და ყველას თავისი არგუმენტები ჰქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ იქნებ კიტოვანი შეეწყალებინათ. ეს მე ვიკისრე და შევარდნაძესთან მივიტანე შეწყალების თხოვნის ქაღალდი. იგი [შევარდნაძე] ამას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა, მაგრამ მე ავუხსენი, რომ საქმე კიტოვანში არ იყო, საქმე გარეთ იყო. ავუხსენი, რომ ადამიანები იმ მხარეს არიან ვისაც კიტოვანთან ურთიერთობა ჰქონია, მისი სჯერა და ეს ხალხი ახალგაზრდები არიან, ვისაც შეეძლო მინიმუმ, გარკვეული უხერხულობები შექმნათ.

შევარდნაძემ ამას ხელი მოაწერა და ბოლოს მიაწერა: „ჩემო თენგო, იცოდე რომ შენთან ერთად მეც მოვიხადე ეს სასჯელიო". ახლა მსმენელი იტყვის ფარისეველი იყო შევარდნაძეო, მეც ვიცი რომ ფარისევლური რეზოლუცია იყო, მაგრამ აქ შევარდნაძეზე და კიტოვანზე არ იყო საქმე, საქმე კომპრომისზე იყო. სახელმწიფო მეთაურმა გააკეთა ისეთი რამ, რასაც აღარ მოყვა სიმწვავის გაგრძელება და ამ სიმწვავის მოხსნის ფონზე, სახელმწიფოს მეთაურმა თავისი პირადი აზრის იქითაც კი გადადგა ნაბიჯი“, - განაცხადა დავით სალარიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სიტუაციაში, როცა ადამიანებს აპატიმრებენ, კომპრომისს ვერ ხედავს:

„დღეს ამ კომპრომისს (მოქმედებებში) ვერ ვხედავ. ახალი კანონმდებლობები, რომელიც შემოდის უფრო ამწვავებს ვითარებას და ყოველ დღე იმაზეა ლაპარაკია, "კანონი დაარღვია და აბა ჩვენ რა უნდა ვქნათო". გამოსავალზეა ლაპარაკი, რომ როგორმე შევქმნათ სიტუაცია რომ კანონდარღვევებამდე არ მივიდეს საქმე“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები