არასამთავრობო ორგანიზაცია "ურბანული ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა, გიორგი ბაბუნაშვილმა BM.GE-სთან მეტროპოლიტენის განვითარების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული დიღმის ტერიტორიის მიმართულებით განვითარება უნდა იყოს.
მისი შეფასებით, დილის და საღამოს პიკის საათების დროს, დიღმის ტერიტორიიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში გადაადგილება, ან პირიქით, უკან დაბრუნება მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„ვფიქრობ, პრიორიტეტული დიღმის მიმართულება უნდა იყოს, რომელიც ყველაზე დიდი უბანია, რომელსაც მეტროპოლიტენი არ აქვს. არაერთგზის განხილულა მედია საშუალებებით, თუ რამდენად რთულია დილის და საღამოს პიკის საათის დროს, დიღმიდან ქალაქის ცენტრალური უბნებისკენ გადაადგილება და უკან დაბრუნება. რა თქმა უნდა, საავტობუსე ზოლები და 18-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილებაში მოსახლეობას ეხმარება, თუმცა ეს არ არის საკმარისი.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სატრანსპორტო გეგმაში (ტრანსპორტის განვითარების გენერალური გეგმა), პირობა ჩაიდო, რომ დიღმიდან ქალაქის ცენტრთან სარელსო კავშირი განხორციელდეს. თუმცა, პროექტის დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შეიძლება იყოს ტრამვაი, მეტრო ან რკინიგზის ჰიბრიდი, რაც, რა თქმა უნდა, შემდგომ კვლევებში განისაზღვრება. თუმცა, ამ პროექტს აქვს ბევრი პერსპექტივა და ეს უნდა იყოს პირველი მიმართულება, თბილისის მეტროპოლიტენის განვითარების“,- აცხადებს ბაბუნაშვილი.
მისი განმარტებით, დიღომში მეტროპოლიტენის განვითარების ჯერ მხოლოდ იდეა არსებობს და პროექტად არ ქცეულა, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პროექტი განხორციელდა, ბაბუნაშვილის თქმით, მისი ღირებულება, დაახლოებით 2 მლრდ დოლარი იქნება.