თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა freebusiness.ge-ის დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, 2025 წლის მეორე კვარტალი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან საქართველოს მე-5 პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული კრიზისი ბიზნესებმა უკვე იგრძნეს. ამასთან, ბიუჯეტში შესული დღგ-ს მოცულობაზეც აქვს ასახვა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ თუ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაცია არ მოხდა, ის შეიძლება ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს, რომელიც სოციალურ პრობლემებში გადაიზრდება და ხალხის პრობლემად იქცევა.
„განხილვის მთავარი საგანი არის ის, თუ რა მდგომარეობაშია საქართველოს ეკონომიკა და რა ელოდება არსებული პოლიტიკური კრიზისის პირობებში და იზოლაციის პირობებში. ამასთან, სადამდე შეიძლება ეს სიტუაცია დამძიმდეს.
ბიზნესმენებმა ეს კრიზისი უკვე იგრძნეს, ბრუნვაზეც არის ასახული. მათ შორის, ბიუჯეტში შესული დღგ-ს გადასახადი, გასული წლის იანვართან შედარებით 1%-იანი კლება ფიქსირდება, როცა გასულ წლებში 14%-იანი ზრდები გვქონდა ხოლმე. ვფიქრობ, რომ მეორე კვარტალი იქნება ძალიან მძიმე და თუ დეესკალაცია არ მოხდა, პროგნოზი არის ის, რომ ზრდაზე საუბარი აღარ იქნება. პირიქით, შეიძლება ეკონომიკა შემცირდეს, რაც უმუშევრობას და ადამიანების შემოსავლებს აუცილებლად დაეტყობა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეკონომისტებს ხვდება.