"საქართველოსთვის" საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საჯარო სექტორში დასაქმებულები ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებენ.
"1998 წლიდან სახელმწიფო მოხელე ვარ და ძალიან კარგად ვიცი კეთილსინდისიერი მოხელეების ფასი; მათზე დგას სახელმწიფო და დიახ, ჩვენ გვჭირდება მომზადებული ბიუროკრატია და მათი დეპოლიტიზება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სახელმწიფო მოხელეების ძალიან დიდ ნაწილს კარგად ესმის, სადაც არიან... უბრალოდ ისინი ასრულებენ თავის უშუალო მოვალეობას და ვფიქრობ, არჩევნებზე ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებენ. შეუძლებელია, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, თანამშრომლები ვერ ხედავდნენ, რა რეაქცია მოჰყვა თუნდაც ბიძინა ივანიშვილის „ბოდიშს“ ომის დაწყებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა "წერტილთან" ინტერვიუში.
მისივე თქმით, წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას წერტილი უნდა დაესვას.
გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო სიის მე-3 ნომერს იმედი აქვს, რომ 26 ოქტომბერს ოპოზიცია მმართველ პარტიას დაამარცხებს.
- რა გაძლევთ გამარჯვების იმედს - ოპოზიციის გამსხვილება თუ „ქართული ოცნების“ ქმედებებიც ეხმარება ოპოზიციას - ვგულისხმობ, ანტიდასავლურ რიტორიკას...
- პირველ რიგში, მოსახლეობის აქტიურობის იმედი მაქვს; „ოცნების“ ქმედებები კი, დამხმარე ინსტრუმენტია. „ქართული ოცნება“, პირველ რიგში, ეხმარება თავის ამომრჩევლებს გაიაზრონ, რამდენად შეცდომაში არიან შეყვანილები, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ნათქვამი „ბოდიშის“ შემდეგ, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი და ვნახეთ სერგეი ლავროვის რეაქცია, რომელსაც ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მიესალმა... ეს არის უკიდურესი ღალატი ეროვნული ინტერესების, ამიტომ ამის დაშვება არ შეიძლება. ვფიქრობ, ამ ყველაფერს ხედავენ პროპაგანდის მსხვერპლი ადამიანებიც, რომლებიც ხელისუფლებამ ომის შიშით მძევლად აიყვანა და აშანტაჟებდა; მათშიც უნდა გაჩნდეს განცდა, რომ ყველაფერი ლამაზად და მშვიდად არ არის. ეს მშვიდობა არ არის ნამდვილი მშვიდობა. გვაქვს რაღაც მოჩვენებითი მშვიდობა და აქედან თუ არ გამოვედით, დიდი საფრთხეების წინაშე ვართ. მჯერა, მოსახლეობის აქტიურობის ვინც რისკებს დაინახავს და სწორ არჩევანს გააკეთებს, რათა ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება“ არ მოიყვანოს.