მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობ, წელს რაჭაში ყურძნის მოსავალი 2 000 ტონასაც გადასცდება" - "ხვანჭკარის ღვინის მარანი"

ხვანჭკარის მარანი

რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია შესული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ ეტაპზე რეგიონში უკვე გადამუშავებულია 600 ტონა ყურძენი. აქედან, 570 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ხვანჭკარის მიკროზონაში 3 ტონაზე მეტი ალექსანდროულისა და მუჯურეთულის შესყიდვის შემთხვევაში კი, ღვინის კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიით სარგებლობენ და კილოგრამზე 4 ლარის გადახდა უწევთ, სულ მცირე 8 ლარის ნაცვლად.

როგორც "ხვანჭკარის ღვინის მარნის" დირექტორი, გიორგი ჭანტურია "საქმიანი დილას" ეთერში აღნიშნავს, რაჭაში ღვინის კომპანიებისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა.

"სუბსიდირებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის სუბსიდია, რაც დღეს ალექსანდროულს და მუჯურეთულს ეხება. იმიტომ, რომ სხვაგვარად რთული იქნება კერძო კომპანიებისთვის იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, დღეს რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გლეხებს აქვთ. 4 ლარის სუბსიდია პრაქტიკულად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დაგეგმილზე მეტი ყურძნის შესყიდვა შევძლოთ", - აღნიშნავს გიორგი ჭანტურია.

ოფიციალური პროგნოზით, წელს რაჭაში ყურძნის 1500 ტონაზე მეტ მოსავალს ელიან, თუმცა ჭანტურიას დაკვირვებით, მოსავლიანობა წელს უფრო მაღალი და ხარისხიანი იქნება.

"რთველი საკმაოდ კარგი ტემპით მიდის, ამინდებიც ხელს გვიწყობს. ხარისხიანი ყურძენი გვაქვს წელს. რაოდენობა ბევრად უფრო გაზრდილია, ვიდრე შარშან იყო. და სტანდარტულად, კარგ პირობებში, კარგ სიტუაციაში მიმდინარეობს რთველი. ჩემი აზრით და დაკვირვებით - ბოლო ერთი კვირაა რაჭაში ვარ, შემოვლილი მაქვს ვენახები, ნანახი მაქვს რა მოცულობის ყურძენი ასხია ვენახებს - მგონია, რომ მოსავალი 1500 ტონას 100%-ით გადასცდება და მგონია, რომ ალბათ - 2000-საც, ისეთი მოსავალია წელს. რა თქმა უნდა, ყველანაირი ქიმიური ელემენტი აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ვაწარმოოთ ბუნებრივად ნახევრად ტკბილი უმაღლესი ხარისხის ხვანჭკარა", - განაცხადა "ხვანჭკარის მარნის" დირექტორმა.

"ხვანჭკარის ღვინის მარანი" მიმდინარე წელს ქართულ ბაზარზე, საცალო გაყიდვების ქსელებშიც გამოჩნდება, მათ შორის "სპარსა" და "დეილში". ამასთან, კომპანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს და ღვინო პოსტსაბჭოთა და ევროპის ქვეყნებთან ერთად, წელს პირველად, აშშ-შიც გაიტანა.

როგორც გიორგი ჭანტურია BMG-სთან აღნიშნავს, ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა.

"მე მგონი, პირველ რიგში ბაზრების დივერსიფიკაცია გვჭირდება და არ გვჭირდება, რომ ვიყოთ დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე. ჩვენ შემთხვევაში ცოტა რთულია ამის კეთება, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიდეს... მაინც ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა, არ გვინდა, რომ რუსეთზე ვიყოთ დამოკიდებულები. ახლა იაპონელების ჯგუფიც მყავდა ქარხანაში დეგუსტაციებზე და აი, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ მგონია, რომ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს, რასაც ღვინო და ღვინის ინდუსტრია ჰქვია, რომ ჩავანაცვლოთ ბაზრები, წავიდეთ სხვადასხვა მიმართულებებით, შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება", - ამბობს "ხვანჭკარის ღვინის მარნის" დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები