მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობ, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დარჩება - ოთარ ნადარაია

ნადარაია

“თიბისი ჯგუფის” მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება მოსალოდნელი იყო.

როგორც ოთარ ნადარაიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ნავთობის ფასების შემცირების ფონზე, მოლოდინია, რომ მომდევნო თვეებში ინფლაცია შემცირების ტენდენციას გააგრძელებს. თუმცა მისი თქმით, ფასების საერთო დონის ზრდა წლის განმავლობაში მაინც სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იქნება და სავარაუდოდ, 5%-ზე ზემოთ შენარჩუნდება.

შესაბამისად, ოთარ ნადარაიას მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად შეინარჩუნებს.

“თუ ეს კონფლიქტი [აშშ-ირანი] მოგვარებისკენ წავიდა და ნავთობის ფასებიც დამატებით შემცირდა, ინფლაციაც შემცირდება, ფასების ზრდის ტემპი შემცირდება. ძირითადად, რა თქმა უნდა, ენერგომატარებლების თემაა, თუმცა სასუქების ფასებიც უნდა გვახსოვდეს, რომელიც უკვე მოქმედებს სურსათის ფასებზე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს ეს შოკი უკვე მილევადია და ოპტიმიზმი რეალურად არის.

ჩვენი მოლოდინიც იყო, რომ დღეს არ შეიცვლებოდა რეფინანსირების განაკვეთი. თუკი წლის ბოლოს ბრენტის ნავთობის ფასი დაახლოებით 80 დოლარის ფარგლებში იქნება და ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დაახლოებით 2.65, 6%-იანი ინფლაცია გვქონდა პროგნოზში. შესაძლოა დღეს ცოტა უფრო ნაკლებიც ვივარაუდოთ. როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის საბაზო პროგნოზია, რომ წლიური საშუალო ინფლაცია 4.9% იქნება. ეს ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე 5%-ზე მაინც მეტი იქნება ინფლაცია. ანუ ერთი მხრივ, თვე-თვეს რომ შევადაროთ, ინფლაცია შეგვიმცირდება, მაგრამ წლიურად იმდენი კლება არ იქნება.

ამ დაშვებებით და ფაქტორების გათვალისწინებით რაც გვაქვს, ვფიქრობ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება. თუ რაიმე დამატებით მნიშვნელოვანი არ მოხდება, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაკლებად სავარაუდოა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამასთან, უფრო მეტი ალბათობაა, რომ უცვლელად დარჩეს განაკვეთი, ვიდრე წელსვე შემცირდეს”, - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, 17 ივნისის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა. სებ-ი მიუთითებს, რომ მაისში ინფლაციის შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა აჩენს მოლოდინს, რომ ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასები ეტაპობრივად შემცირდება და ამ მიმართულებიდან ინფლაციაზე მომავალ წნეხს შეამცირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები