მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვფიქრობ, უნდათ მამაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რითიც შეეცდებიან ჩემზე მანიპულირებას"

5d4c0dd9b3f18
სალომე მეცხვარიშვილი
08.08.19 15:55
800
მე ვფიქრობ, რომ უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რითიც შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას,- ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ის თიბისი ჯგუფის დამფძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე დაიბარეს.

ვახტანგ წერეთელი ფიქრობს, რომ ამ სქემის მიზანი ტვ პირველის წინააღმდეგ ბრძოლაა.

“ტელევიზიასთან დაკავშირებით იყო ერთგვარი შემოტევები... ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები.

იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი, ეს არის ძალიან დიდი ეჭვი. რაც შეეხება ტელევიზიას, იყო კონკრეტული შემოტევები, ამიტომაც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკავშირდება ამ ტელევიზიას”,- აცხადებს ვახტანგ წერეთელი.

ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში 2 დღის წინ დაიბარეს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პირად გვერდზე დაწერა.

„პროკურატურაში დამიბარეს. ნებისმიერ კითხვაზე გავცემ პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა წინასწარ გეუბნებით, tv “პირველს” არ მოგაგუდინებთ!!! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ ! ყველას ვერ დააშინებთ ! ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ !”, - წერდა წერეთელი.

ვახტანგ წერეთელი იმ კომპანიების წილების მფლობელი იყო, რომლებიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში ფიგურირებენ.

მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“2012 წელს „თიბისი“ ბანკმა საერთოდ გაათავისუფლა აღნიშნული კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, რაც განხორციელდა შემდეგნაირად: ,,თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის კომპანიები, ყოველგვარი სასესხო უზრუნველყოფის გარეშე, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა,”-აცხადებენ პროკურატურაში.

პროკურატურისვე ცნობით, ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგენდა პაატა ღაძაძე რომელიც ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას იკავებდა ,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები