"ვფიქრობთ, რომ 2024 წელს ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე მილიონი დოლარი ჩაიდება", - ამის შესახებ "საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსთან" აღნიშნა, $80 მილიონიანი პროექტის მშენებლობა ბახვის წყალზე უკვე დაიწყო.
"ვთვლი, რომ ქვეყანას ყველაზე მეტი რესურსი განახლებადი ენერგიების მიმართულებით გააჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს რესურსი სწორად ავითვისოთ და არათუ საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწიოთ, არამედ ექსპორტზე გავიტანოთ. ვფიქრობთ, წელს ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ჩაიდება. ჩვენი კომპანია $80 მილიონის პროექტს ბახვის წყალზე უკვე ახორციელებს", - განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
გიორგი აბრამიშვილი იმედოვნებს, რომ 2024 წელს მსხვილი პროექტების მშენებლობაც დაიწყება.
"მთავრობა და ბატონი პრემიერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ შესრულდეს ეს პროცესები. მუშაობა მიმდინარეობს. ნენსკრას შემთხვევაში კორეელებთან ხელშეკრულება გაგრძელდება, ნენსკრას გუნდის ხელმძღვანელობაც შეიცვალა. ხუდონზეც, რამდენადაც ცნობილია, პროექტის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენოს. იმედი გვაქვს, რომ განახლებული პროექტი დაიდება", - აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
გასული წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებასა და პრიორიტეტს ენერგეტიკის განვითარება წარმოადგენს. როგორც მაშინ პრემიერ-მინისტრმა თქვა, მთავრობა ჰიდროსადგურების განვითარებაზე მუშაობს, მათ შორის ხუდონჰესის. მისი თქმით, ენგურჰესის შემდეგ, ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოს ენერგეტიკის დარგისთვის. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, მთავრობას განსაზღვრული აქვს, ხუდონჰესის მშენებლობა თავად დაიწყოს.