მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავთ, 800 ტონამდე სუბსიდირებული ყურძენი ჩავიბაროთ" - "მტევინო"

მტევინო

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მტევინო" წელს რთველის სუბსიდირების ფარგლებში გეგმავს, რომ 800 ტონამდე ყურძენი ჩაიბაროს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკა ზაუტაშვილმა განაცხადა.

მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.

ნიკა ზაუტაშვილის ინფორმაციით, სუბსიდირების ყოველწლიური პრაქტიკა კარგია, რადგან ის ფერმერს საშუალებას აძლევს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს, ხოლო საწარმოს ხელს უწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქტი აწარმოოს.

"სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების პრაქტიკა ძალიან კარგია. პირველ რიგში, გლეხს ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება და საწარმოსაც ეხმარება. სუბსიდირება წარმოებას ხელს უწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართული პროდუქციის წარმოებას მოხდეს.

ვაპირებთ პროგრამაში ჩართვას და ვგეგმავთ, რომ დაახლოებით 800 ტონა სუბსიდირებული ყურძენი ჩავიბაროთ", - განაცხადა ნიკა ზაუტაშვილმა.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის რთველზე მთლიანობაში 300,000 ტონა მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი.

2023 წელს, მთავრობა კომპანიებისთვის 20 თეთრის სუბსიდიას გასცემდა იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რქაწითელის ჯიშის ყურძენს მინიმუმ 90 თეთრად ჩაიბარებდნენ. შესაბამისად, 2024 წლის რთველისთვის კომპანიებისთვის წარდგენილი მოთხოვნა გაიზარდა. ასევე 90 თეთრად იბარებდა დაზიანებულ/ჭარ ყურძენს მოსავლის მართვის კომპანიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები