ბლის მწარმოებელი „ჩერი.ჯი“ ბაღების გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა დავით ჭუბაბრიამ Bm.ge-ის განუცხადა, ამჟამად გორში, მეჯვრისხევში მდებარე ბლის ბაღების ფართობი 11 ჰექტარს შეადგენს. მისი წარმადობა 150-180 ტონა მოსავალია, თუმცა წელს, აპრილში მოსული ყინვის გამო, მოსავლიანობა 90%-ითაა შემცირებული.
„პირველი ჯიში, რომელიც უნდა მოგვეკრიფა, სრულად განადგურდა, მეორე ჯიში, ალბათ რამდენიმე დღეში დამწიფდება და სარეალიზაციოდ შევთავაზებთ ადგილობრივ ბაზარს. მოლაპარაკებები გვაქვს „აგროჰაბთან“ და ელიტარულ წერტილებთან თბილისში. დიდი რაოდენობით ვერ მოვამარაგებთ, ვინაიდან არ იქნება ბევრი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ის, რომ წელს ბალი ივნისშიც არ გაიაფდა სწორედ იმის გამოა, რომ აპრილის ყინვამ მოსავლიანობა შეამცირა.
„ჩერი.ჯის“ ბაღებში 15 სახეობის ბლის ჯიშია, რომელთა თითქმის 100% თანამედროვეა - 30 მმ-ზე მეტი საშუალო ზომით. დავით ჭუბაბრია ამბობს, რომ კომპანიის გეგმებში ჯიშების კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზაციაც შედის.
„გარდა მეჯვრისხევში ბაღის გაფართოებისა, ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში საექსპერიმენტო ბაღის გაშენებას, ასევე კახეთშიც შეიძლება ადგილობრივებთან ვითანამშრომლოთ. ზოგადად, ჩვენი მიზანი საკუთარი წარმოების გაფართოება იმდენად არ არის, რამდენადაც ზოგადად საქართველოში იყოს ბლის წარმოება გაფართოებული და ექსპორტი გაიზარდოს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, „ჩერი.ჯის“ ბაღები დაახლოებით ხუთი წლის წინ გააშენეს. ჯამურად ბაღების გაშენებაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული, რასაც ემატება სახელმწიფოს პროგრამებით მხარდაჭერა.



























