მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვგეგმავთ, ძირითადი საწარმოო პროდუქტი ფუტკრის რძე გახდეს" - „ჯაშიაშვილების საოჯახო მეურნეობა“

მეფუტკრეობა

ახმეტის რაიონში, სოფელ აწყურში მდებარე საოჯახო მეურნეობა „ჯაშიაშვილების საოჯახო მეურნეობა“, 2007 წელს შეიქმნა და თაფლს, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერსა და დინდგელის სპირტხსნარს აწარმოებს.

როგორც მეურნეობის თანადამფუძნებელმა, მიხეილ ჯაშიაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ფუტკრის რძე საქართველოში დეფიციტური პროდუქტია, საწარმო გეგმავს, რომ მათი ძირითადი საწარმოო პროდუქტი ფუტკრის რძე გახდეს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მეურნეობაში ფუტკრის 120 ოჯახი ჰყავთ, თუმცა წელს 200 ოჯახამდე გაზრდა იგეგმება. იქიდან გამომდინარე, რომ მეურნეობაში რძის მიმართულების გაძლიერება იგეგმება, ამისთვის, შარშან სარძევე საფუტკრეების 40-დან 80 სკამდე გაზარდეს.

„ამჟამად, 2 ტონამდე თაფლსა და 8 კილოგრამამდე ფუტკრის რძეს ვაწარმოებთ. თუმცა, ფუტკრის რძის წარმოების გააქტიურებისას, წარმოებული პროდუქციის გაორმაგება იგეგმება.

ძირითადად, პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე სოციალური ქსელის საშუალებით ხდება. თუმცა, ასევე წარმოებული პროდუქციის ჩაბარებას გადამყიდველებთან ვახდენთ,“- აცხადებს ჯაშიაშვილი.

მისივე ცნობით, წარმოების სრულად მოსაწყობად, ინვესტიციები არ სახელდება, თუმცა მეურნეობა ინვენტარიზაციას გეგმავს, რაშიც 25 000 ლარამდე ინვესტიციის განხორციელებაა საჭირო.

რაც შეეხება გამოწვევას, მეურნეობის თანადამფუძნებლის განმარტებით, გამოწვევაა ის, რომ ჩაბარებულ პროდუქციაზე ანგარიშსწორება დროულად არ ხდება, რაც ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს. ამასთან, გამოწვევაა შხამქიმიკატები, რომლითაც ვენახები იწამლება. მისი მომწამლავი თვისება კი. როგორც ფუტკრისთვის, ასევე ადამიანებისთვისაც მავნეა.

ინფორმაციისთვის, „ჯაშიაშვილების საოჯახო მეურნეობა“ კახეთში, თელავიდან 10 კმ-ში სოფელ აწყურში მდებარეობს და მეფუტკრეობას მისდევს. მომხმარებელს ისეთ პროდუქციას სთავაზობს, როგორიცაა ფუტკრის რძე, თაფლი, ყვავილის მტვერი და ა.შ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები