მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რომ ჩავრთოთ აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში"

5cfa23b6c1d96
დავით ჯალაღონია
07.06.19 12:43
772
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ხედვები სიღარიბის დაძლევაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიღარიბის დაძლევის მიზნით დაგეგმილ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში ერთ–ერთი ყველაზე დინამიურია და უახლოეს 10–წლიან პერსპექტივაში, სხვადასხვა შეფასებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5%–ს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება იმისთვის, რომ უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარების რესურსი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას, როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.

ეკონომიკის სამინისტროს ხედვა და დაწყებული სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში, არის ის პროგრამები და ინფრასტრუქტურა, რომლის განხორციელება დინამიური, სტაბილური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ ამ 5%–იანი ზრდის ფარგლებში თანხები ჩავდოთ და სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია, არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს", – განაცხადა მინისტრმა.

დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი თურნავამ გაზიფიცირების გეგმით დაიწყო.

"პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება მოსახლეობა, ეს არის გაზიფიცირება. სამწლიანი გეგმა დაამტკიცა მთავრობამ. 85%–მდე მოვიცავთ სამწლიანი გეგმის განხორციელების შედეგად აბონენტებს. ეს საკმარისი არ არის. ჩვენი გამოწვევა რჩება 15%. პარალელური პროგრამა იგეგმება მაღალმთიანი რეგიონებისთვის და ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, თუ როგორ მივაწოდოთ სითბო თითოეულ ოჯახს. ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ჩვენი აბონენტების რაოდენობა მილიონ 300 ათას ოჯახს მიაღწევს. 60–მდე დასახლებული პუნქტი წელსვე დაინახავს ტექნიკას და სამუშაოებს", – განაცხადა მინისტრმა და ის სოფლები ჩამოთვალა, სადაც ისტორიულად გაზი აქამდე არ ყოფილა და წელს შესაბამისი სამუშაოები დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები