მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს"

5756d361271cf
BM.GE
07.06.16 17:58
38168
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისი საქართველოს შიდა ჰაბად უნდა იქცეს, რომელიც ყველა წერტილთან იქნება დამაკავშირებელი. როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, მიმდინარე წელს რიკოთის რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება.
 
"ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელს გავხსნათ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაკვეთი, რიკოთის მონაკვეთი, ანუ ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი. უკვე დაწყებულია ამ პროექტზე ძალიან აქტიური მუშაობა და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება უკვე რეალური მშენებლობითი სამუშაოები. ამას გარდა 2020 წლის დასასრულისთვის და ეს ასე არ იყო დაგეგმილი ნამდვილად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ უმთავრესი არტერიები საქართველოსი იქნას დასრულებული. ამ პერიოდისთვის მოგეხსენებათ, რომ ანაკლიის პორტის პირველი ფაზაც დასრულებული იქნება და აღმოსავლეთ-დასავლეთით, ჩრდილოეთ - სამხრეთით ძირითადი მაგისტრალები დასრულდება. ამ პერიოდისთვის ასევე იქნება დასრულებული ძირითადი ტურისტული მიმართულებების დამაკავშირებელი გზები და ეს არის სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით; ეს არის ქუთაისი-აბასთუმნის გზა. ქუთაისი ჩვენ უნდა ვაქციოთ საქართველოს შიდა ჰაბად, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ყველა წერტილთან. ჩვენ ასევე ვგეგმავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გზების პროექტირებას. უკვე წელს დავიწყებთ პროექტირებას მთა-თუშეთში მიმავალი გზისა, ვინაიდან, ამას გაჩნია ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება- ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი რეგიონი. ვგეგმავთ რაჭის განვითარების მიმართულებით ახალი გზის აშენებას, რომელიც გომსა და რაჭას დააკავშირებს. ეს ყველაფერი მოიტანს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან სტიმულს განვითარებისა,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილ პროექტებში აქტიურად ჩაერთვება კერძო სექტორი და საქართველო რეალურად შეძლებს, შეასრულოს აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქცია.

"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობის სახელით მსოფლიო ბანკს, სხვა ინსტიტუტებს რომლებიც არიან ჩართულნი ამ უმნიშვნელოვანეს პროექტებში. კომპანია "ბლექ სი გრუპის" წარმომადგენლები იმყოფებიან აქ და ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, მართლაც, უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაოსთვის. საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კერძო სექტორის ჩართულობა უნდა იყოს უფრო მაღალი ასეთ პროექტებში. ჩვენ ახლა დაწყებული გვაქვს ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობა დიზაინზე და წინასწარ კვლევებს ვატარებთ, მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ამ სამუშაოს დიდი ნაწილი გვექნება დასრულებული და ერთად დაიქოქება ძალიან ბევრი პროექტი. სწორედ ეს იქნება ნამდვილად საქართველოს, როგორც "აბრეშუმის სარტყლის" შემადგენელი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ფუნქციის სრულად ათვისების წინაპირობა,"-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები