"ვგეგმავთ სკოლების მშენებლობის ახალ ტალღას", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რამდენი ახალი სკოლის აშენება იგეგმება.
როგორც ინფრასტრუქტურის უწყება იტყობინება, მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს.
„განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა სასკოლო ინფრასტრუქტურა. გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც მაქსიმალურად მოკლე ვადებში ვცდილობთ. ვგეგმავთ სკოლების მშენებლობის ახალ ტალღას“, - განაცხადა სოხაძემ.
ინფრასტრუქტურის უწყების ცნობით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ 11-წლიან სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც განსაზღვრავს როგორც უწყების მომავალი წლის, ისე გრძელვადიან საქმიანობას - საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო თუ კულტურული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
„აქტიურად დავიწყებთ სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურის მშენებლობას მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ დაბასა და სოფელში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ამ სერვისებთან“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის „ანგარიში 2023“-ის მიხედვით, ქვეყანაში 1 მილიარდი ლარის ღირებულების 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი 2022-2026 წლებში განხორციელდება და ჯამში 80 სკოლა აშენდება, 720-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამჟამად, რამდენი სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, უცნობია. სკოლების რეაბილიტაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია bm.ge-მ სამინისტროდან გამოითხოვა და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.




























