აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დაფნა რენდის განაცხადებით, აშშ უმაღლეს დონეზე აკვირდება საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს. მან საქართველოს შესახებ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა" (IRI) და "ატლანტიკური საბჭოს" მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე ისაუბრა.
დაფნა რენდიმ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს მმართველ პარტიას საქართველოში, რომელმაც რუსეთის მსგავსი "აგენტების კანონი" მიიღო.
"მინდა ცოტა საქართველოზე ვისაუბრო, რადგან აშშ-ის მთავრობისთვის, ეს ძალიან საგანგაშოა. "ქართული ოცნების" 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, 26 ოქტომბერს სახეზეა ძალიან კონკურენტული არჩევნები და ვხედავთ, რომ რუსეთი ძალიან ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ პარტიას ["ქართულ ოცნებას"], რომელმაც არსებითად დააკოპირა ის, რაც რუსეთმა საკუთარი ქვეყანაში გააკეთა, მაგალითად "უცხოური აგენტების" კანონის მიღებით, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, განსხვავებული იდეების გამოხატვის შესაძლებლობას მმართველ პარტიაზე, კრიტიკას, ახალი იდეების შეთავაზებას, რაც აქ, IRI-ში ყველამ კარგად იცის, რომ მნიშვნელოვანია ჯანსაღი არჩევნებისთვის.
რუსეთმა და „ქართული ოცნებამ“ სცადეს შეემცირებინათ სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის მრავალი გზით იმდენად, რომ ჩვენ, სახელმწიფო დეპარტამენტმაც ვუპასუხეთ სავიზო შეზღუდვებით, რათა ნამდვილად პასუხისმგებლობა დაეკისროთ „უცხოური აგენტების" კანონის იდეაზე პასუხისმგებელ პირებს.
ასე რომ, ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ არჩევნების გამო, რადგან იმ შემთხვევაში იქნება სამართლიანი, თუ იარსებებს თავისუფალი დებატები და კონკურენცია. პრობლემა არ არის, თუ "ქართული ოცნება" სამართლიანად გაიმარჯვებს, პრობლემა იმაშია, რომ მათ ქართველი ხალხის სურვილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა შეზღუდეს.
როგორც მიხვდით, ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა, ისევე როგორც კონგრესი, უმაღლეს დონეზე აკვირდება [არჩევნებს საქართველოში]", - თქვა მან.
ამასთან, დაფნა რენდიმ აღნიშნა, რომ ქართველების 80%-ს ევროკავშირთან დაახლოება სურს, რუსეთის ჩარევა კი იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი თავის ორბიტაზე დააბრუნოს, რაც მიუღებელია.