საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გმობს “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომლითაც მოითხოვს სამი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას. შესაბამისი განცხადება დღეს, 28 ოქტომბერს, პრესკონფერენციაზე გააკეთა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
"ვგმობ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, რაც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად გადაქცევას.
რეჟიმი ყოველდღიურად სისტემატურად ახორციელებს ყველაფრის შეზღუდვას, რაც ხელს უშლის სრული ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში და გამყარებაში.
დღეს, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს საქართველოდან: ეს მიუღებელია!
ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს.
სოლიდარობა ყველა ოპოზიციურ ძალას, ვისაც ეზღუდება კონსტიტუციური უფლება თავისუფლად გამოხატვისა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობის",- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.


























