მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცე–პრემიერი რუსთავი–თბილისის გზის მონაკვეთის მშენებლობის შეჩერებაში ოპოზიციას ადანაშაულებს

5c6d74239ef2a
დათო ჯალაღონია
20.02.19 19:35
1068
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავი–თბილისის გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების შეფერხების მიზეზები განმარტა.

„რუსთავი–თბილისის მონაკვეთთან დაკავშირებით არის ის შემთხვევა, როდესაც ეს პროექტი არ არის წინ წასული ისე, როგორც ჩვენ გვინდა, თუმცა ამ შემთხვევაში ეს კონტრაქტორის ბრალი არ არის. ეს ძალიან კარგი, თურქული კომპანიაა, რომელიც კარგად მუშაობს, მაგრამ რუსთავის მონაკვეთზე არის ცხრა კორპუსი, რომელშიც 364 ოჯახი ცხოვრობს და მეტსაც გეტყვით, აქედან 5 კორპუსი არსებულ გზასთან უფრო ახლოს არის განლაგებული, ვიდრე – ახალ გზასთან. სწორედ რომ ორკესტრირებული პროცესია ამ კორპუსებში მცხოვრებთა მხრიდან. მე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ სწორედ ოპოზიციის წევრები და კონკრეტული დეპუტატები გყავთ, ძალიან ხშირად ამ ორკესტრირებას ეხმარებიან და ამ პრობლემის მაღალ რეგისტრში გადასვლას უწყობენ ხელს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ გზის ამ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ, მოსახლეობა იმაზე მაღალ ფასს ითხოვს კომპენსაციისთვის, ვიდრე კონკრეტული ტერიტორიის საბაზრო ღირებულებაა.

„დარჩენილია ოთხ–კილომეტრიანი მონაკვეთი, სადაც განთავსებულია ნაწილობრივ კორპუსები და ნაწილობრივ – სხვა კომერციული ობიექტები და სწორედ ამ კორპუსების მოსახლეობის მხრიდან არის ისეთი დონის საპროტესტო ტალღა, რომ მათ გააჩერეს კონტრაქტორი, იყო აქციები, ქალბატონების, ბავშვების მონაწილობით, რომლებიც არ აძლევდნენ კონტრაქტორს მუშაობის საშუალებას, მათი კორპუსებიდან ერთი კილომეტრის დაშორებით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ძალადობრივი მეთოდებით ვაშენოთ გზა, ვცდილობთ, რომ მოსახლეობასთან შეთანხმებას მივაღწიოთ.

კერძოდ, ფონიჭალაშია ეს კორპუსები. სამწუხაროდ, მოსახლეობა 1000 დოლარის ფარგლებში გვთხოვს კვადრატული მეტრის ანაზღაურებას. იცით, რომ ფონიჭალაში ასეთი ფასები არ გვავქვს. სამხარაულის ბიუროს მიერ არის შეფასებული და სულ სხვა ციფრებია, რომელიც 3-ჯერ და 2.5-ჯერ ნაკლებია, თუმცა არც განსახლება არ ეკუთვნის ამ მოსახლეობას, რადგან არ არიან ბუფერში მოხვედრილნი, ამ პროექტის შესაბამისად. მეტიც, სამწუხაროდ, მაპატიეთ, მაგრამ თქვენი დახმარებით, აზიის განვითარების ბანკის განხილვის საბჭოშია ეს მოსახლეობა მისული, მთლად მანილაშიც კი არის ჩასული და შესაბამისად, პროექტიც გაჩერებულია ამის გამო. არათუ ჩვენ ვერ ვაკეთებთ ამ განსახლების პროცედურას, არამედ ძალადობრივი მეთოდებით ჩვენ ამ საკითხს არ ვწყვეტთ. აზიის განვითარების ბანკის დავების საბჭოსთან და მათ სპეციალისტებთან ერთად არაერთხელ იქნა შესწავლილი ამ კორპუსების ფაქტობრივი მდგომარეობა. არის დასკვნები იმასთან დაკავრებით, რომ კორპუსებს არაფერი ემუქრებათ, მაგრამ იქ ცოტა უფრო პოლიტიკური ვითარება გვაქვს, ვიდრე – რეალობა. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი შეჩერებულია და შესაბამისად, ჩვენ ახლა აზიის განვითარების ბანკთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ამ მონაკვეთზე მოხდეს სამუშაოების გაჩერება – გადართვა უკვე გაკეთებული გზის მონაკვეთის არსებულ გზაზე, ანუ რუსთავის გზას უნდა დავაკავშიროთ. დროებით, ამ მონაკვეთს გამოვტოვებთ, რადგან სესხის მოქმედების დროც კი აღარ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს პროექტი დაფინანსდეს“, – განმარტა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა ამ პრობლემის დახმარებაში ოპოზიციას თანადგომისკენ მოუწოდა.

„თქვენ თუ კონსტრუქციულები იქნებით და თქვენს კოლეგებთან ერთად ამ პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარებით, ყოველ შემთხვევაში, არ შეუწყობთ ხელს ამ პრობლემის ამ რეგისტრში აყვანას და პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას, შესაძლოა, ეს პროექტი იყოს როდესღაც დასრულებული. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ პროექტის შესრულებას“, – განაცხადა ვიცე–პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები