მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიცე–პრემიერი უკრაინულ კომპანიასთან არსებულ დავაზე განმარტებებს აკეთებს

5c6d5cb13e47c
დათო ჯალაღონია
20.02.19 18:00
937
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამტრედია–გრიგოლეთის ერთ–ერთ მონაკვეთთან არსებულ დავაზე, სადაც სამუშაოები უკრაინულ კომპანია „ალტკომს“ უნდა შეესრულებინა, განმარტებებს აკეთებს.

მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას უპასუხა, რაც უკვე უკრაინული კომპანიისთვის უკვე გადახდილი თანხის დაბრუნების პერსპექტივას ეხებოდა.

„რაც შეეხება ამ გზას და თქვენს სკეპტიციზმს ორმილიონიან დავასთან დაკავშირებით, ჩვენ 2018 წელს, მანამდე სანამ 2018 წელს დავიწყებდით იურიდიულ დავას, გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენი ეროვნული ბანკის მეშვეობით, უკრაინის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის და კავშირების, რომ უკრაინულ ბანკს ეს ვალდებულება შეესრულებინა. თქვენ იცით, რომ ამ პროექტთან მიმართებით კონტრაქტორს საავანსო თანხა გადაერიცხა დაახლოებით, 25 მილიონი ევროს ოდენობით და ამის საპირწონედ წარმოდგენილი იყო უკრაინული ბანკის გარანტია და ამ ბანკმა უარი განაცხადა საბანკო გარანტიის აღსრულებაში.

იურიდიული კომპანია, რომელიც შერჩეულია, საერთაშორისო კომპანიაა და დადებითი გამოცდილება აქვს ამ კომპანიას დავების გადაწყვეტის და ეს არ არის ფორმალობა. უკვე დავა გვაჩვენებს, რამდენად წარმატებულები აღმოვჩნდებით ამ თანხის ამოღებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრმა ირაკლი აბესაძის იმ კითხვასაც უპასუხა, რაც გზის ერთ–ერთ მონაკვეთზე სამუშაოების დასაფინანსებლად ბიუჯეტში ავანსის სახით გათვალისწინებულ თანხას ეხებოდა.

„რიკოთის ავტომაგისტრალის ხევი–შორაპნის მონაკვეთზე უნდა გკითხოთ, სადაც 2018 წლის 13 დეკემბერს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, 2019 წელს სამინისტრო 200 მლნ ლარის დახარჯვას აპირებდა, თუმცა 390 მლნ გასცა ავანსის სახით თანხა, იმავე პერიოდში, ანუ ორჯერ მეტი თანხა. ეს სახელმწიფოს ფინანსების არამიზნობრივი და არაფეექტური ხარჯვაა?“, – მიმართა დეპუტატმა კითხვით მინისტრს.

„რაც შეეხება ავანსს, რომელიც იქნა გაცემული 390 მლნ ლარის ოდენობით, ეს არის რიკოთის ორ პროექტზე გაცემული ავანსი. 20%–ის ოდენობით არის ორივე შემთხვევაში. თვითონ თანხა შეიცვალა და ბიუჯეტიც ამ ნაწილში უფრო კონსერვატულად იყო დაგეგმილი და საავანსო გადახდა იყო ნაკლები წარმოდგენილი. შემდეგ ჩვენ დავაკორექტირეთ, მაგრამ რადგან პროექტის თანხა შეიცვალა, სხვა რიცხვი მივიღეთ“, – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის ერთ–ერთი მონაკვეთზე სამუშაოები ტენდერის გზით შერჩეულ უკრაინულ კომპანიას „Road Building ALTCOM“ უნდა განეხორციელებინა, რომელმაც 20 მილიონი ევრო წინასწარ აიღო და ქვეყანა დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები