ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დარეგულირების ნებისმიერ მცდელობას შეეწინააღმდეგება, სანამ ოფიციალური ვაშინგტონი ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს. ქვეყნის მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის პრობლემა ახლო აღმოსავლეთში განთავსებული ამერიკული ბაზები და ის პოლიტიკაა, რომელსაც შტატები რეგიონში ატარებს.
“ვიდრე ამერიკა თავის საგარეო პოლიტიკას არ გადახედავს და ისრაელის მხარდაჭერას არ შეწყვეტს, ჩვენ მათთან ურთიერთობას არ დავარეგულირებთ,” - განაცხადა ხამენეიმ.
ირანის სულიერი ლიდერის განცხადება ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას გაამწვავებს და ბირთვული მოლაპარაკებების პროცესში წარმატების მიღწევის შესაძლებლობას კიდევ უფრო შეამცირებს. ხამენეის განცხადება პოლიტიკის ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს ირანის მხრიდან უკომპრომისო პოზიციის შენარჩუნებასა და რეგიონულ მოთამაშედ დარჩენის სურვილად, თუმცა ისინი შიშობენ, რომ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებით და ირანისთვის მოკავშირეების ჩამოშორებით ამერიკა ოფიციალურ თეირანს უფრო მეტ იზოლაციაში მოაქცევს. ეს კი საბოლოოდ სწორედ ირანის ხელისუფლებას შეუქმნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს.




























