მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვიღაც მოვიდა, ტერიტორია გადაღობა და თან არაფერს გვეუბნება" - რას აპროტესტებენ ბალდის კანიონზე ადგილობრივები?

მარტვილი

ბალდის კანიონის მოწყობის სამუშაოები შეჩერებულია. მიზეზი, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტია.

საქმე ის არის, რომ ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით (20 წლის შემდეგ გადახედვის უფლებით) კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.

რამ გამოიწვია მოსახლეობის ნაწილის პროტესტი, bm.ge-თან აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცოტნე თვარაძე საუბრობს. მისი თქმით, პროცესი ყველა ეტაპზე კანონდარღვევით მიმდინარეობს, შესაბამისად, მათი მოთხოვნა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და განვითარების კონცეფციის საჯარო განხილვების შედეგად შექმნაა.

"პროტესტი დაახლოებით ივნისის ბოლოდან მიმდინარეობს. ადგილობრივმა მოსახლეობამ არაფერი იცოდა და როცა სამუშაოები დაიწყო, გვეგონა, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაიწყო მდინარეზე მისასვლელი გზის გაკეთება. მერე გავიგეთ, რომ კერძო კომპანიას გადასცეს 40 წლით ისე, რომ არავითარი კვლევა არ არის ჩატარებული, დასკვნები არ აქვთ და არ იციან, რას და რისთვის აკეთებენ.

სოფლისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საკრალური ადგილია, სადაც ნათლისღებას მოხუცებიც კი ჩადიან. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ამ ადგილს ჩვენთვის და უცებ, ვიღაც მოვიდა, ადგილი გადაღობა და თან ისე, რომ არაფერს გვეუბნება. ეს მიუღებელია.

კომპანია, მხოლოდ ოქტომბრის თვეში 6-ჯერ დაჯარიმდა. როცა რამე უკანონობას ვხედავთ, ვიძახებთ გარემოს სააგენტოს და უკვე ფაქტის წინაშე ვაყენებთ ისეთ ცალსახა კანონდარღვევებზე, რომ ისინიც კი ვერ ახერხებენ თვალის დახუჭვას. იძულებული არიან, დაწერონ შესაბამისი ოქმები. დღემდე, გვაქვს არაერთი ფაქტი როგორც ხე-ტყის უკანონო ჭრის, ასევე კლდეების ჩამოთლის და ,,კერხერით" უშუალოდ ბუნების ძეგლთან. ასევე, გვაქვს წიაღისეულის უკანონო მოპოვების ვიდეომასალა და არსებობს ოქმებიც. ამასთან, ყველაზე დიდი და მასშტაბური დანაშაულია უკანონო მშენებლობა. ატრაქციის გამშვებ პუნქტს აშენებდნენ საიჯარო ტერიტორიის გარეთ. ამ მშენებლობას შეეწირა შველიც რასაც კომპანია უარყოფდა, თუმცა ჩვენ გვაქვს ფოტომასალა.

მიუხედავად ამისა, ჩვენ თავიდან ძალიან მშვიდად და არგუმენტირებულად ვაპროტესტებდით. ჩვენ ინვესტორს არ ვთხოვთ პასუხს, ჩვენი ადრესატი დაცული ტერიტორიების სააგენტოა. ის არის ანგარიშვალდებული ჩვენთან. ინვესტორმა, თავად დაიქირავა პიარ ჯგუფი, ჩვენს წინააღმდეგ. აბსოლუტურად ყველა ეტაპზე და ყველა დონეზე პროცესი მიმდინარეობს ძალმომრეობით და კანონდარღვევით, ყველა წესით უგულებელყოფით, თორემ ჩვენზე მეტად არავის უნდა ბალდის განვითარება. უბრალოდ ეს არ არის განვითარება. ჩვენ მოვითხოვთ, უკანონოდ გაცემული იჯარა გაუქმდეს და ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყოს საჯარო განხილვების და კონცეფციის დეტალური გაწერის შემდეგ. ის რომ არ მოხდეს, რაც მარტვილის კანიონზე, ისე გაკეთდა, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი აუთვისებელია, რადგან მაღლა მაღალი ძაბვა გადის. ასევე, პარკინგი მოაწყვეს და მერე გაირკვა, რომ არ შეიძლებოდა, რადგან ისიც ელექტრო ბოძების ქვეშაა. ამისთვის გვჭირდება განვითარების დეტალური გეგმა", - აცხადებს ცოტნე თვარაძე.

bm.ge-ი საკითხზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, რამდენჯერ დაჯარიმდა კომპანია ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების დროს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასული წლის მიწურულს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა.

რა კეთდება ბალდის კანიონზე - ინტერვიუ გოგა მერკვილაძესთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები