Freebusiness.ge-ის თანადამფუძნებლის გიორგი ჩუგოშვილის განცხადებით, ახალ პლატფორმა Freedonation.ge-ზე დაიდება იმ ორგანიზაციების და ფონდების ანგარიშებიც, რომლებსაც საზოგადოება დააფინანსებს. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია პროცესის გამჭვირვალობისთვის. ამასთან, როგორც გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას, ჩუგოშვილმა განმარტა, ყველას ექნება არჩევანის საშუალება, ესა თუ ის დემოკრატიის გამავრცელებელი ორგანიზაცია რამდენი ხნით დააფინანსოს.
„ჩვენ ვირჩევთ, ვის დავაფინანსებთ. ვიღაცამ თუ გადაუხვია დემოკრატიის გზას, აღარ დავაფინანსებთ. მაგალითად, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაუხვია გზას, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია რომ არ დავაფინანსოთ, აქ ასე არ იქნება, ეს არის დემოკრატიული პლატფორმა, ყველა ვირჩევთ, ვის ვაფინანსებთ. დაფინანსებულმა ორგანიზაციებმაც შედეგები უნდა დადონ, მათ ანგარიშებსაც დავდებთ გამჭვირვალობისთვის, რათა ვნახოთ, როგორ დაიხარჯა თანხა. ამგვარად, ადამიანს ექნება არჩევანის საშუალება, სანამ ორგანიზაცია სწორ გზაზე დგას, მანამდე ვაფინანსებ“, - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, რომ Freebusiness.ge-ის ახალი ფუნქცია დაემატა, რომლის მიზანიც იქნება ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას, მათ შორის მედიას, ფონდებს და სხვა ორგანიზაციებს, და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი საქმიანობის ხელშეწყობა ფინანსური მხარდაჭერის გზით.
პლატფორმაზე განთავსდება ის ფონდები, მედიაორგანიზაციები თუ დემოკრატიაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, რომელთაც სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა. საზოგადოების წევრი თავად გადაწყვეტს, ვის დაეხმაროთ, რამდენით და რამდენი ხნის განმავლობაში, რასაც პლატფორმაზევე უთითებს.




























