მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიღწვით იმისთვის, რომ აშშ-ის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ორნიშნა ზრდა იყოს"

5d4ef064b09c0
თათია ჩაფიჩაძე
12.08.19 09:45
856
2019 წლის 7 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა - 60%-ით, რუსეთში კი, 2%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ქართული ღვინის დაახლოებით, 60% ექსპორტზე რუსეთში გადის. აშშ-ში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა კი, საანგარიშო პერიოდში 388,038 ბოთლი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზულა აცხადებს, რომ ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, 3-4 წელში ამერიკულ ბაზარზე საშუალოდ 4-5 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდება, რაც ტრადიციული ბაზრების ჩანაცვლების მიმართულებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე სტაბილურობა და მცირედი ზრდა ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე არის ნორმალური, მაგრამ ვიღწვით იმისთვის, რომ ორნიშნა ზრდა იყოს აშშ-ის ბაზარზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ევროპის მიმართულებით. მერვე ადგილზეა უკვე აშშ, სადაც 60%-იანი ზრდაა წელს და იმედი გაქვს, რომ 50%-იანი ზრდით დავასრულებთ წელს.

ის, რომ აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის წილი 60%-ით გაიზარდა, შედეგია ჩვენი ძალისხმევის; დიდი იმედი გაქვს, რომ აშშ-ში 4-5 მლნ ბოთლამდე ავალთ. ვფიქრობ, ამას დაახლოებით, 3-4 წელი დასჭირდება, თუმცა რამდენიმე კერძო კომპანია იჩენს ინტერესს, რომ შევიდეს და თავისი რესურსებით იმუშაოს ამერიკის ბაზარზე, აქტიურობის შემთხვევაში, ვფიქრობთ რომ სასურველი შედეგის დადება უფრო სწრაფადაც შესაძლებელია“, განაცხადა მეხუზლამ „საქმიანი დილის“ ეთერში.

მისივე თქმით, კომპანიებს, ბუნებრივია, უადვილდებათ ოპერირება იმ ბაზრეზე, სადაც ცნობადობა მაღალია, თუმცა ბოლო მოვლენების შემდეგ, ბევრი კომპანია დაფიქრდა.
„ხდება რისკების გადაფასება და არის რამდენიმე ისე კომპანია, რომელიც განსაკუთრებულ ძალისმხევას იჩენენ, მაგალითად, პოლონეთის მიმართებით, რომ მთლიანად ჩანაცვლება თუ - ვერ, გარკვეული წილის გადასროლა სხვა ბაზრებზე მოახდინონ“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები