25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურის 1 კილოგრამზე 3 ლარით განსაზღვრა ბიზნესისთვის მოულოდნელი და მძიმე ფინანსური დარტყმა აღმოჩნდა.
„ევრობრენდის“ მმართველი პარტნიორი დუდუ ბროძელი „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება სექტორთან წინასწარი კონსულტაციებისა და გაფრთხილების გარეშე მიიღეს, რის გამოც, კომპანიებს უკვე გზაში მყოფი ტვირთების გაძვირებული ტარიფებით განბაჟება მოუწევთ, რაც მათ ხარჯებს ათობით ათას ლარამდე ზრდის.
„ ეს დადგენილება ჩვენზეც ვრცელდება და საკმაოდ სოლიდურ თანხებზე ავდივართ, მანამდე ვიხდიდით სადღაც 400-დან 500 ლარამდე და ახლა მოგვიწევს რ22 000-დან 30 000 ლარამდე გადახდა. ეს მარტო ერთი იმპორტის შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ბიზნესთან, სექტორთან კონსულტაცია იყო საჭირო. წინასწარ გაფრთხილებულებიც არ ვიყავით, ეხლა ტვირთები გზაშია და ასე მოუმზადებელები ვხვდებით რეგულაციებს“ - აცხადებს ბროძელი.
მისი შეფასებით, ახალი დადგენილების ამოქმედების პირობებში ყველაზე მწვავე პრობლემა წარმოების გეოგრაფიაა, რაც საგამონაკლისო დოკუმენტაციის ქონეას ართულებს (EUR.1 სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაციის) და მიუხედავად იმისა, რომ „ევრობრენდი“ მარაგებს ევროპიდან იღებს, ამ ბრენდების დიდი ნაწილის პროდუქცია სხვადასხვა ქვეყანაში - მათ შორის, აზიაში იწარმოება:
„თუ აზიურ ქვეყანაშია ნაწარმოები სქონელი, მას EUR.1 სერტიფიკატი ფიზიკურად ვერ ექნება. ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია ჩვენ მომწოდებლებთან და სამწუხაროდ, გამორიცხულია, მსგავსი სერტიფიკატით, ევრო 1-ით რომ წამოვიდეს პროდუქცია ევროპიდან. იმიტომ რომ, ჩვენს შემთხვევაში, იქ ძალიან ბევრი არტიკულია პროდუქციის, შეიძლება იყოს 100 დასახელება და ყველა სხვადასხვა ქვეყანაში იყოს წარმოებული“ - განმარტავს ბროძელი.
„ევრობრენდის“ მმართველი პარტნიორი თქმით, გაზრდილი საბაჟო გადასახადი, ბაზარზე არსებულ მცირე იმპორტიორებს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის და მომხმარებლისთვის ფასების ზრდის რისკსაც აჩენს.
„პატარა იმპორტიორებს გაუჭირდებათ, ამხელა გადასახადის გადახდა, პლუს დღგ-ს გადასახადი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნებათ... იმ საქონლისთვის, რომლის იმპორტსაც „ევრო ბრენდი“ აკეთებს, ვგულისხმობ შედარებით დაბალ ფასიან პროდუქციას, გარკვეულწილად აისახება ფასზეც. ძვირად ღირებულ ბრენდებს ეს ნაკლებად დაეტყობათ, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში აუცილებლად რაღაც გარკვეული მატება მოხდება.“
„ევრობრენდის“ მმართველი პარტნიორის თქმით, ძირითადი სამკერვალო სიმძლავრეები აზიურ ქვეყნებშია გადატანილი და გამოწვევა ბაზრის ბევრ მოთამაშეს შეეხება.
ინფორმაციისთვის, 25 ნოემბრიდან ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა. ახალი რეგულაცია საქართველოს მთავრობის 2026 წლის 13 ნოემბრის №535 დადგენილებით ამოქმედდა და ვრცელდება სეს ესნ-ის 61-65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა. თუკი აქამდე მოქმედებდა ფიქსირებული მოსაკრებელი 500 ლარის ოდენობით, ახლა მოსაკრებელი ხდება ცვლადი და მაგალითად 1 ტონა საქონლის განბაჟებისას მეწარმეს 3000 ლარის გადახდა მოუწევს, რაც ექვსმაგი გადასახადია, ვიდრე აქამდე ბიზნესს უნდა გადაეხადა
























