საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. ფრანგი სპეციალისტი დაკავებულ თანამდებობას 2028 წლამდე დაიკავებს.
"მას შემდეგ, რაც ერთი ლამაზი ისტორია უკვე დავწერეთ, კიდევ ერთი მსგავსი ისტორიის დაწერა შეგვიძლია ახალ პროექტად მივიჩნიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეგვიძლია და მსურს ამის ნაწილი ვიყო. საქართველოში თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ მქონია. საქართველოს ნაკრები უკვე ანგარიშგასაწევი გუნდია ევროპაში და ამას უნდა მივეჩვიოთ. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი დონის გაუმჯობესება. გვსურს იმ გამოცდილების კიდევ ერთხელ გაზიარება, რომელიც გასულ ზაფხულს არა მხოლოდ გუნდმა, არამედ მთელმა ქვეყანამ მიიღო" - აცხადებს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი.
შეგახსენებთ, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვალში ჩაუდგა სათავეში. მისი თავკაცობით “ჯვაროსნებმა”, 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 16-ჯერ დამარცხდა. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ხოლო შემდეგ უკვე ჯგუფური ეტაპიც გადალახა.