ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იმედოვნებს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აკრედიტაციის ცენტრი შეძლებს, ევროკავშირის სტანდარტის სერტიფიკატი გასცეს. ამის შესახებ არველაძემ დღეს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს DCFTA-ს 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
"ევროკავშირისგან დადებით შეფასებას ველოდებით იმ რეფორმაზე, რაც აკრედიტაციის ცენტრში განხორციელდა. იმედი გვაქვს, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში საერთაშორისო აღიარებას მივიღებთ, რაც შეამცირებს იმ დანახარჯებს, რომელიც ჩვენს ექსპორტიორებს აქვთ აღიარებული სერტიფიკატების ნაწილში, როდესაც მათ გააქვთ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ჩვენი აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებული იქნება ევროკავშირის მიერ და ის დამატებითი ბარიერები, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე არსებობს სერტიფიცირების ნაწილში, მოიხსნება", - განაცხადა გენადი არველაძემ.

























