„ნამახვანჰესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმების ვერ მიღწევა, რის გამოც პროექტი ვერ განხორციელდა", - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა გრძნობს თუ არა ის პასუხისმგებლობას ამ პროექტის გამო თურქულ კომპანიასთან წაგებულ დავაზე.
სწორედ ნათია თურნავა იყო ეკონომიკის მინისტრი, როცა კომპანია ENKA-თან ჰესის პროექტზე ხელშეკრულება გაფორმდა.
"ეს პროექტი დღეს რომ დასრულებული ყოფილიყო, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, მდგრადობა და თვითმყოფადობა გაცილებით მტკიცე იქნებოდა. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა ბოლოდროინდელმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმაც დაადასტურა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ, რომელიც ჰიდრორესურსებით მდიდარია, ფლობდეს საკუთარ სიმძლავრეებს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული გარედან მოწოდებულ ენერგომატარებლებზე იქნება ეს ელექტროენერგია თუ ბუნებრივი გაზი. საქართველოს ამის პოტენციალი გააჩნია და ვიმედოვნებ, ნამახვანის პროექტი ადრე თუ გვიან მაინც განხორციელდება", - განაცხადა თურნავამ.
საქართველომ ENKA-სთან საარბიტრაჟო დავა 2024 წლის დეკემბერში წააგო. განაჩენი საქართველოს მიერ 383 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას ითვალისწინებდა. ამასთან, ამ თანხას ემატება პროცენტიც (SOFR+4%) იქამდე, სანამ ქვეყანა განაჩენს სრულად არ აღასრულებს. ამ დროისთვის პროცენტთან ერთად კომპენსაციის მოცულობა 450 მილიონ დოლარს აჭარბებს.
რას შეეხება საარბიტრაჟო დავა?
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის "ნამახვანჰესის" $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულებელყოფას უკავშირდებოდა. "ნამახვანჰესის" პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.




























