"ვიმედოვნებ, რომ რუსეთი სავაჭრო ემბარგოს არ დააწესებს," –ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კახეთში ტურიზმისა და აგროსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, რუსეთთან დღეს არსებული სავაჭრო ურთიერთობები წლების განმავლობაში მიღწეული მუშაობის შედეგია და ამ მიმართულებით ხელისუფლება პრაგმატულ პოლიტიკას გააგრძელებს.
"ვფიქრობ, რუსეთთან მიღწეული პროგრესი იქნება შენარჩუნებული. ჩვენმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია პრაგმატული პოლიტიკის გატარება. ჩვენ შევძლებთ სავაჭრო ურთიერთობების გაგრძელებას, მათ შორის ღვინის სფეროში, საკმაოდ მნიშვნელოვანია აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი.
საკმაოდ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები იყოს პრაგმატული კავშირზე დაფუძნებული, ემოციებისგან დაცლილი და ექსპერტული. იმედია რუსეთის ფედერაციისგანაც მივიღებთ პასუხებს და მათი მხრიდანაც პროცესი ადექვატურად იქნება აღქმული,"- განაცხადა დავითაშვილმა.

























