დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებული შტატების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით WHO განცხადებას ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, ჯანმო აშშ-ის გადაწყვეტილების გამო წუხს.
"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს იმ განცხადების გამო, რომლის თანახმადაც ამერიკის შეერთებული შტატები ორგანიზაციის დატოვებას გეგმავს.
ჯანმო კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს ხალხების, მათ შორის ამერიკელების ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, დაავადების ძირეული მიზეზების გამოკვლევით, ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებით და საგანგებო სიტუაციების გამოვლენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით, მათ შორის ეპიდემიების დროს ისეთ ადგილებში, სადაც სხვები ვერ მიდიან.
ამერიკის შეერთებული შტატები 1948 წლიდან იყო ჯანმოს დამფუძნებელი წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და მართვაში 193 წევრ ქვეყანასთან ერთად, მათ შორის თავისი მონაწილეობით მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეასა და აღმასრულებელ საბჭოში. შვიდ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ჯანმომ და აშშ-მა ერთად გადაარჩინეს უთვალავი სიცოცხლე და დაიცვეს ამერიკელი ადამიანები ჯანდაცვის საფრთხეებისგან. ერთად დავასრულეთ ჩუტყვავილა და ერთად მივიყვანეთ პოლიომიელიტი აღმოფხვრის კიდემდე. ამერიკულ ინსტიტუტებს თავიანთი წვლილი შეჰქონდათ და სარგებელს იღებდნენ ჯანმოსთან თანამშრომლობით.
აშშ-ისა და სხვა წევრი ქვეყნების მონაწილეობით, ჯანმომ გასული 7 წლის განმავლობაში თავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეფორმები გაატარა, რომელიც ქვეყნებში ჩვენი პასუხისმგებლობის, ხარჯეფექტიანობისა და გავლენის გაზრდას ისახავდა მიზნად. ეს სამუშაოები კვლავ გრძელდება.
ვიმედოვნებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადაიფიქრებს და მოუთმენლად ველოდებით მათთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას, რათა შევინარჩუნოთ პარტნიორობა აშშ-სა და ჯანმოს შორის, პლანეტის გარშემო მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გამოსვლის განკარგულებას ხელი ინაუგურაციის ცერემონიალიდან რამდენიმე საათში მოაწერა.
12-თვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები ჯანმოს წევრი ოფიციალურად აღარ იქნება. აშშ ორგანიზაციის დაფინანსების თითქმის მეხუთედზეა პასუხისმგებელი.




























