მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ ააშენებს ანაკლიის პორტთან მისასვლელ ინფრასტრუქტურას?

5ad4aec78ca49
თამუნა დემეტრაშვილი
16.04.18 18:10
1156
ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭირო, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა ამოიწურა. სს „ინსტიტუტი იგჰ“, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში, -საავტომობილო გზების დეპარტამენტს სამუშაოს შესრულებას 7,9 მილიონ დოლარად სთავაზობს, -2,2 მილიონით ნაკლებად, საწყის ფასთან შედარებით. თუკი სატენდერო კომისიისთვის კომპანიის შეთავაზება და წარდგენილი დოკუმენტაცია მისაღები არ აღმოჩნდა, მაშინ პროცესში ფასით მომდევნო კონკურენტი ჩაერთვება. თუმცა, ტენდერის სპეციფიკის გათვალისწინებით პოტენციური კონკურენტების რაოდენობა და მათ მიერ შეთავაზებული ფასები ჯერჯერობით საჯარო არ არის. ,,სს ინსტიტუტი იგჰ“, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში" - ხორვატიული კომპანიის ფილიალია საქართველოში, რომელიც 2016 წლსაა რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე მეორედაა გამოცხადებული. გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული პირველი ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა,- კომპანია Spea Engineering S.p.A ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნეს და დისკვალიფიკაცია მისცეს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტენდერის პირობები დავების საბჭოში გასაჩივრებულია. კომპანია ,,ჯი-თი“ საგზაო დეპარტამენტს დისკრიმინაციასა და არაკონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაში ადანაშაულებს. კომპანიის პრეტენზიები პრეტენდენტების გამოცდილების კუთხით არსებულ მოთხოვნებს ეხება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები