საქართველოში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვაზე დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ამოიწურა, ამის შესახებ Bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთი სალუქვაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და წარმოდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს. აღნიშნული წინადადებები უნდა მოიცავდეს სრულ ტექნიკურ და კომერციულ წინადადებებს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობის, ოპერირებისა და ფინანსების მოზიდვის თაობაზე. სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპანიები იმუშავებენ ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე საქართველოში.
,,ლოგისტიკის პროექტთან დაკავშირებით ინტერესტა გამოხატვის პროცესი მიმინარეობს, ეს პროცესი ორეტაპიანი იყო და მეორე ეტაპი დასრულდა. პირველ ეტპზე ინტერესი გამოხატეს კომპანიებმა და კომისიის მიერ მოხდა ამ კომპანიების გადარჩევა, მეორე ეტაპზე კი უკვე შერჩეულ კომპანიებს უნდა წარმოედგინათ შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია. 8 ოქტომბერს დასრულდა ,,დედლაინი“, ამ კვირაში შეიკრიბება კომისია და განიხილავს წარმოდგენილ დოკუმენტაციას“ - განაცხადა ქეთი სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა.
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია - აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე, მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება. ამის შემდეგ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის სახელით, ლოგისტიკური ცენტრების განვითარების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.
თბილისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება შეადგენს 80.3 მილიონ აშშ დოლარს (პირველი ფაზის ღირებულება 60.7 მილიონი), ხოლო ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის ჯამური ღირებულება 72.5 მილიონს (პირველი ფაზა - 27.1 მილიონი).
ლოგისტიკური ცენტრების განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოში ლოგისტიკური მომსახურების, მათ შორის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარებას, გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, ასევე წაახალისებს ექსპორტს. ამასთან, ორივე ლოგისტიკურ ცენტრში ჯამურად შეიქმნება 800-ზე მეტი პირდაპირი ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანა მიიღებს დამატებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს.

























