მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტები?

დოლარები

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგი ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და საინტერესო ჩამონათვალია, რომლის შედგენაც შეიძლება, რადგან ამ სიაში ვხვდებით, როგორც ქალებსა და კაცებს, ასევე სხვადასხვა სფეროების წარმომადგენლებს. ამასთან, სწორედ უმდიდრესი ადამიანების სიაში შეხვდებით, როგორც თვითშემდგარ მილიარდერებს, ასევე ადამიანებს, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით მიიღეს ან, სულაც, განქორწინების შედეგად.

თუ ამჟამად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში, უმეტესწილად, ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლები დომინირებენ, იყო დრო, ამ რეიტინგის სათავეში სახელმწიფოთა მმართველებს და ფინანსური ინსტიტუტების დამფუძნებლებს ვხვდებოდით. ინვესტორები და ფინანსისტები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში ახლაც უხვად არიან, მაგრამ ის ქონება, რომლებსაც ისინი ფლობენ, როგორც წესი, ათობით მილიარდებში იზომება და არა ასობით თანრიგში, როგორც ეს პლანეტის უმდიდრესი ადამიანების პირველ თორმეტეულში შეინიშნება.

დღეს, მსოფლიოს უმდიდრეს ფინანსისტებზე მოგიყვებით, ანუ ადამიანებზე, რომელთაც ქონება სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების შედეგად დააგროვეს. ამ სიაში, ცხადია, სხვა პროფესიის ადამიანებსაც შეხვდებით, რადგან სულაც არ არის აუცილებელი, ადამიანი განათლებით ფინანსისტი იყო, მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტების ჩამონათვალში რომ მოხვდეს. შესაძლოა, ვითარება რადიკალურად განსხვავებულიც კი იყოს.

#1 - უორენ ბაფეტი - Berkshire Hathaway

მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტების ჩამონათვალის სათავეში, არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარულ ინვესტორს, უორენ ბაფეტს ვხვდებით, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $139 მილიარდ დოლარად აფასებს. უორენ ბაფეტის სიმდიდრე, ფაქტობრივად სრულად, მის საკუთრებაში არსებულ ფინანსურ კონგლომერატზე, Berkshire Hathway-ზე მოდის. ამერიკული საინვესტიციო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $906 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მერვე ადგილს იკავებს.

თუმცა Berkshire Hathaway-ის მნიშვნელობას განაპირობებს არამხოლოდ მისი მასშტაბი, არამედ გავლენა, რომელიც მას ამერიკულ საფონდო ბირჟაზე აქვს. საქმე ისაა, რომ ხშირად, ინვესტორები Berkshire Hathaway-ზე საუბრობენ, როგორც საფონდო ბირჟაზე დალისტულ საინვესტიციო ფონდზე, იგივე ETF-ზე, რაც, გარკვეულწილად, სიმართლეცაა, რადგან Berkshire Hathaway-ის პორტფელს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის მეტად დივერსიფიცირებულია, ხოლო თავად კომპანიამ, დაფუძნების დღიდან, ანუ 1964 წლიდან, ინვესტორებს 4,384,748%-იანი სარგებელი მოუტანა, როცა S&P 500-ის ინდექსმა, ამავე პერიოდში, მხოლოდ 31,223%-ით იმატა.

#2 - მაიკლ ბლუმბერგი - Bloomberg

მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტების რეიტინგის მეორე ადგილზე ამერიკელი ბიზნესმენი, მაიკლ ბლუმბერგი მოხვდა, რომლის ქონებას, ამერიკული Forbes-ი $106 მილიარდად აფასებს. ამ გვარის გაგონებაზე, ადამიანებს, როგორც წესი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა - Bloomberg-ი ახსენდება, რომელიც მისი დამფუძნებლის მაიკლ ბლუმბერგის სახელს ატარებს. თუმცა სიმართლე ითქვას, მედია - მაიკლ ბლუმბერგის იმპერიის მხოლოდ მცირე ნაწილია, ხოლო მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, არც მეტი, არც ნაკლები, იმ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მოდის, რომელსაც მისი კომპანია ფლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გლობალური ფინანსური ინდუსტრია Bloomberg Terminal-ზე დგას - აპლიკაციაზე, რომელსაც ტრეიდერები, ბროკერები და ინვესტორები მთელ მსოფლიოში იყენებენ. შესაბამისად, მაიკლ ბლუმბერგის სიმდიდრის მთავარი წყარო არის არა ფინანსები, არამედ ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს და სხვებზე ყიდის.

#3 - სტივენ შვორცმენი - Blackstone Group

პლანეტის უმდიდრეს ფინანსისტებზე საუბრისას ვერ გავექცევით ერთი ადამიანის სახელისა და გვარის ხსენებას, რადგან კომპანია, რომელიც მან 1985 წელს დააფუძნა, დღეს $1 ტრილიონის აქტივებს მართავს. ეს კომპანია ყველასთვის კარგად ნაცნობი Blackstone Group-ია, ხოლო ადამიანი, რომელიც ამ რეიტინგის მეორე ადგილას მოხვდა - მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, სტივენ შვორცმენია, რომლის ქონებას ამერიკული Bloomberg-ი $43.6 მილიარდად აფასებს. საინტერესოა, რომ შვორცმენმა კარიერა Lehman Brothers-ში დაიწყო - ამერიკულ ბანკში, რომელიც 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის გარიჟრაჟზე გაკოტრდა. თუმცა იმ დროს, სტივენ შვორცმენი სხვა საქმეებით იყო დაკავებული, რადგან 2007 წელს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე Blackstone Group-ის აქციების პირველადი საჯარო განთავსება შედგა, რომელმაც შვორცმენი მსოფლიოს უმდიდრესი კერძო კაპიტალის კომპანიის დამფუძნებლად აქცია.

#4 - ჯეფ იასი - Susquehanna International Group

მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტების ჩამონათვალის მეოთხე ადგილას Susquehanna International Group-ის დამფუძნებელი, 68 წლის ამერიკელი ჯეფ იასი მოხვდა. კომპანია, რომელიც მან 1987 წელს დააფუძნა, ფინანსური კონგლომერატია, რომელიც დაკავებულია, როგორც საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციების ფლობით, ასევე ვაჭრობით - ნიში, რომელიც, ამ შემთხვევაში, კომპანიამ აირჩია ფასიანი ქაღალდების დერივატივებით ვაჭრობაა, რითაც Susquehanna მილიარდობით დოლარის შემოსავალს აგენერირებს. საინტერესოა, რომ სხვა ფინანსურ აქტივებთან ერთად, ჯეფ იასის კომპანია ჩინური ByteDance-ის მინორიტარული აქციონერია, თავად ეს კომპანია კი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელის, TikTok-ის მფლობელი კომპანიაა.

#5 - კენ გრიფინი - Citadel

მსოფლიოს უმდიდრესი ფინანსისტების ჩამონათვალი, ცხადია, არასრულყოფილი იქნებოდა, მასში ჰეჯ-ფონდების დამფუძნებლები რომ არ მომხდარიყვნენ. აი, ადამიანების ამ კატეგორიას მიეკუთვნება 55 წლის ამერიკელი კენ გრიფინი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ჰეჯ-ფონდის, Citadel-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. ფლორიდის დედაქალაქ მაიამიში ბაზირებული ეს ჰეჯ-ფონდი $63 მილიარდის აქტივებს მართავს, რაც, შედარებისთვის რომ გითხრათ, ორჯერ აღემატება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს. თავად კენ გრიფინის ქონებას კი ამერიკული Bloomberg-ი $37.8 მილიარდად აფასებს და ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში 39-ე ადგილს იკავებს.