2027 წელს საფრანგეთი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს. იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედ ლიდერს, ემანუელ მაკრონს მორიგი ვადით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ აქვს, საზოგადოებისა თუ ბიზნესისთვის ცხადია, რომ მომავალ წელს ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. რაც უფრო ახლოვდება 2027 წლის 18 აპრილი, მით უფრო მკაფიოდ იკვეთება, თუ რომელი პოლიტიკოსები მოიგებენ მეტი ამომრჩევლის გულს და ვის ეყოლება მეტი ბიზნეს- პარტნიორი.
ამჟამად პრეზიდენტობისთვის 7 ადამიანი იბრძვის, მათ შორის არიან ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი, ცენტრისტები, ედუარ ფილიპი და გაბრიელ ატალი და ულტრამემარცხენე ჟან-ლუკ მელანშონი. ცხადია, ყველა მათგანს სხვადასხვა აზროვნებისა და პოლიტიკური გემოვნების ბიზნემენი უჭერს მხარს.
სიაში პირველია მარინ ლე პენი, რომელსაც მხარს ვენსან ბოლორე და პიერ-ედუარ სტერენი უჭერენ. სწორედ მედიამაგტან ბოლორეს დამსახურებაა, რომ მეარჯვენე ძალებმა გაერთიანება შეძლეს და ლე პენსა და ჯორდან ბარდელას შორის დაპირისპირება არ დაიწყო. მისი მედიაჰოლდინგი Vivendi, ტელეარხ CNews-ისა და რადიოსადგურ Europe 1-ის ჩათვლით, ლე პენის ალიანსს აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას უწევს.
მარინ ლე პენს ზურგს უმაგრებს Smartbox-ის დამფუძნებელი, მილიარდერი პიერ-ედუარ სტერენიც, რომელმაც სწორედ არჩევნებისთვის შექმნა პროექტი Périclès-ი. ეს ინიციატივა მიზნად მემარჯვენე კანდიდატების მომზადებასა და საპარლამენტო მანდატების მოპოვების დაფინანსებას ისახავს.
როგორც ირკვევა, ორივე ბიზნესმენის გულების მოგება ლე პენმა გადასახადების შემცირებისა და ბიუროკრატიის შემსუბუქების დაპირებით შეძლო.
საპრეზიდენტო კანდიდატთა სიაში ვხვდებით ედუარ ფილიპსა და გაბრიელ ატალსაც. ისინი ცენტრისტულ ბანაკს წარმოადგენენ. ამჟამად მათ მხარს კონგლომერატ LVMH-ის ხელმძღვანელი და საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო უჭერს. მან ფილიპის მიმართ თანადგომა საჯაროდაც გამოხატა. როგორც ირკვევა, არნო მაკრონის მიერ დაწყებულ ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკას ემხრობა და ეკონომიკური სტაბილურობის გარანტად სწორედ ფილიპს მიიჩნევს.
ცენტრისტებს მხარდაჭერას უცხადებს სატრანსპორტო გიგანტ CMA CGM-ის მფლობელი როდოლფ საადე, რომელმაც მედიააქტივები სწორედ მათი კურსის პროპაგანდისთვის მიმართა. როგორც ფრანგული მედია წერს, ფილიპისა და ატალის ეკონომიკურ ხედვას საფრანგეთის უმსხვილესი დამსაქმებელთა გაერთიანება MEDEF-იც იზიარებს.
ტრადიციული სამრეწველო ოჯახების ფავორიტებად მიიჩნევიან სიაში მყოფი ბრუნო რეტაიო და ლორან ვოკიე. ისინი ტრადიციულ მემარჯვენე პარტია Les Républicains-ს წარმოადგენენ. ამ ფრთის ლიდერებს მხარს მსხვილი სამრეწველო ოჯახები და რეგიონული სავაჭრო პალატები უჭერენ. აღსანიშნავია, რომ ამ ბიზნესწრეებს უძრავი ქონების დეველოპერებიც უერთდებიან, რადგან ამ ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრ შემცირებაზე და ფისკალური დისციპლინის შემსუბუქებაზე სწორედ რეტაიო და ვოკიე საუბრობენ.
რაფაელ გლიუქსმანს ზურგს დანიელ კრჟეტინსკი უმაგრებს. მემარცხენე-ცენტრისტული და ეკოლოგიური ბლოკის მთავარი ფავორიტის მხარდამჭერი და კორპორაციული მოკავშირე ჩეხი მილიარდერია. ის მედიაჰოლდინგ CMI France-ისა და გაზეთ Libération-ის მფლობელია და საკუთარ რესურსებს პროევროპული სოციალ-დემოკრატიის გასაძლიერებლად იყენებს. აღსანიშნავია, რომ გლიუქსმანს გაჟღერებული ანტი-სამრეწველო პოზიციისა და მწვანე სუბსიდიების თემაზე აქტიური საუბრის გამო განახლებადი ენერგეტიკის სფეროს ლიდერებიც ემხრობიან.
რაც შეეხება ჟან-ლუკ მელანშონს, რომელიც ულტრამემარცხენე ფრთას წარმოადგენს, მას კორპორაციული ელიტის მხარდაჭერა, ფაქტობრივად, საერთოდ არ აქვს. მეტიც ის ბიზნესისაგან დაფინანსებას მკვეთრადაც ემიჯნება. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას პროფკავშირებისა და რიგითი მოქალაქეების შემოწირულობებით გეგმავს. თავად მელანშონის ეკონომიკური პროგრამა მოგებაზე გადასახადების დაწესებას, ფასების გაყინვასა და საპენსიო ასაკის 60 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს.
დასასრულს, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საფრანგეთის საარჩევნო კანონმდებლობა კორპორაციულ დონაციებს სრულად კრძალავს, ფიზიკური პირების შემოწირულობებს კი თითოეულ კანდიდატზე მაქსიმუმ €4,600-ით განსაზღვრავს. შესაბამისად, ბიზნესლიდერები პოლიტიკურ პროცესებზე საკუთარ გავლენას მედიააქტივების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მეშვეობით ინარჩუნებენ.























