მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ჩილეს ახალი პრეზიდენტი?

კასტი

ჩილეს 2025 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ულტრა კონსერვატორმა კანდიდატმა, ხოსე ანტონიო კასტმა მოიპოვა, რითაც ქვეყანა მკვეთრად შეატრიალა მარჯვნივ და დაასრულა მემარცხენე ძალების მმართველობის ოთხწლიანი ციკლი. კასტის ტრიუმფი, რომელმაც მეორე ტურში მმართველი კოალიციის კანდიდატი დაამარცხა, არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის გამარჯვება, ეს არის პასუხი იმ ღრმა სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისზე, რომელმაც ჩილე ბოლო წლებში მოიცვა.

ახალი პრეზიდენტი, რომელსაც ხშირად დონალდ ტრამპს ან ჟაირ ბოლსონარუს ადარებენ, ხელისუფლებაში მოდის დაპირებით, რომ ქვეყანაში "წესრიგს, მშვიდობასა და თავისუფლებას" დააბრუნებს, თუმცა მისი რადიკალური ხედვები საზოგადოების ნაწილში სერიოზულ შფოთვას იწვევს.

ხოსე ანტონიო კასტი 1966 წელს, სანტიაგოში, გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და მისი ბიოგრაფია მუდმივი პოლიტიკური დებატების საგანია. განათლებით იურისტი, ცხრა შვილის მამა, კასტი წლების განმავლობაში ჩილეს ტრადიციული მემარჯვენე პარტიის, UDI-ს წევრი იყო, 2019 წელს კი საკუთარი, უფრო რადიკალური "რესპუბლიკური პარტია" დააფუძნა.

მისი პოლიტიკური კარიერა მჭიდროდ არის დაკავშირებული კონსერვატიულ ღირებულებებთან: ის ღიად ეწინააღმდეგება აბორტს, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას და არ მალავს სიმპათიებს აუგუსტო პინოჩეტის სამხედრო რეჟიმის ეკონომიკური მემკვიდრეობის მიმართ.

ხშირად განხილვის საგანია კასტის ოჯახური ისტორიაც. განსაკუთრებით მამის წარსული, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიაში მსახურობდა, თუმცა თავად კასტი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ის პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ნაბიჯებზე და არა წინაპრების ისტორიაზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის არჩევნები მისი გაპრეზიდენტების მესამე და წარმატებული მცდელობა იყო. თუ 2017 წელს ის მარგინალურ კანდიდატად ითვლებოდა, 2021 წელს მეორე ტურში გასვლა შეძლო, ხოლო 2025 წელს საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

კასტის გამარჯვების მთავარი მიზეზი ჩილეში შექმნილი რთული ვითარება გახდა. ამომრჩევლის მთავარი მოთხოვნა უსაფრთხოება იყო. კასტის წინამორბედის გაბრიელ ბორიჩის ადმინისტრაციის პერიოდში გაზრდილმა კრიმინალმა, ნარკოტრაფიკმა და უკონტროლო მიგრაციამ საზოგადოებაში დაუცველობის განცდა გააჩინა, რამაც კასტის "რკინის ხელის" პოლიტიკა ბევრისთვის მიმზიდველი გახადა.

მან წინასაარჩევნო კამპანია სწორედ ამ ნარატივზე ააგო - მოსახლეობას დაჰპირდა, რომ არალეგალური მიგრანტებისთვის საზღვრებს ჩაკეტავდა, სამხრეთ რეგიონებში მაპუჩეს კონფლიქტს ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრიდა და პოლიციას უფლებამოსილებას გაუზრდიდა.

კასტის ოპონენტმა, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა, ვერ შეძლო დაეჯერებინა ელექტორატი, რომ მემარცხენე კოალიციას შეეძლო კრიზისთან გამკლავება, რამაც საშუალო კლასის და ტრადიციულად მერყევი ამომრჩევლის ხმები კასტის ყულაბაში მოაქცია.

ახლა ჩილე გარდამავალ ეტაპზეა, სადაც ახალ პრეზიდენტს უამრავი გამოწვევა ელოდება. პირველ რიგში, კასტს მოუწევს მართოს უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება, სადაც მისი გამარჯვება მოსახლეობის ნახევარმა ზეიმით, მეორე ნახევარმა კი შიშით მიიღო.

ეკონომიკური კუთხით, ის გადასახადების შემცირებას და სახელმწიფო ბიუროკრატიის შეკვეცას აანონსებს, რათა წაახალისოს ინვესტიციები, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის არ ქონამ შესაძლოა მისი რეფორმების ტემპი შეანელოს.

საერთაშორისო ასპარეზზე კასტის გაპრეზიდენტება ლათინურ ამერიკაში მემარჯვენე ძალების გაძლიერების კიდევ ერთი ნიშანია. მისი გეგმები უსაფრთხოების მიმართულებით საგანგებო ზომების მიღებას მოიცავს, რაც უფლებადამცველების მხრიდან კრიტიკის საგანია, თუმცა მისი მხარდამჭერებისთვის ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩილემ ლათინური ამერიკის ყველაზე სტაბილური ქვეყნის სტატუსი დაიბრუნოს.

ხოსე ანტონიო კასტის პრეზიდენტობა ჩილეს დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის იქნება ტესტი თუ, რამდენად შეძლებენ ისინი ბალანსის შენარჩუნებას რადიკალურ ცვლილებებსა და სოციალურ სტაბილურობას შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები