მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის კომპანია "მეამა"-ს ახალი დირექტორი?

თემურ ბოსტაღანიშვილი

"მეამას" ახალი დირექტორი ჰყავს, კომპანიის სათავეში თემურ ბოსტოღანაშვილი დგას, რომელიც წლების განმავლობაში კანადაში მსხვილ კომპანიებში ფინანსური და ანალიტიკური მიმართულებებით სხვადასხვა აღმასრულებელ თანამდებობებს იკავებდა.

საკუთარი გეგმებისა და კომპანიის განვითარების მიზნების შესახებ თემურ ბოსტოღანაშვილმა გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება, რასაც "მეამა" გეგმავს, არის ფრანშიზული მოდელით გლობალურ ბაზრებზე შესვლა. „მეამა“ პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის, შემდგომ გერმანიისა და ავსტრიის ბაზრებზე წარმომადგენლობებს გახსნის.

თავად თემურ ბოსტოღანაშვილი კანადაში 2006-2010 წლებში ხის დამამუშავებელი აპარატურის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია SCM Group-ის ფინანსურ ანალიტიკოსად საქმიანობდა; 2010-2011 წლებში სამედიცინო იზოტოპების მწარმოებელ გლობალურ კომპანია MDS Nordion-ის ბიზნეს ანალიტიკოსის პოსტი ეკავა; 2011-2014 წლებში SCM Group-ის ფინანსური ასისტენტ კონტროლერის თანამდებობაზე მუშაობდა; 2014-2018 წლებში ინდუსტრიული აპარატურის მწარმოებელ კომპანია Samuel, Son & Co-ს უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის, 2018-2020 წლებში კი ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერის პოსტი ეკავა. 2020-2022 წლებში კი ავტომობილების ძარების და მოძრავი სისტემების მწარმოებელ კომპანია Martinrea International-ის ფინანსური ოფიცირის პოსტი ეკავა.

„კომპანია „მეამა“ იმდენად არის დასავლურ კულტურასთან ახლოს, რომ გამიკვირდა. ის თავისუფლება, რაც დასავლური კომპანიებისთვის არის დამახასიათებელი „მეამაში“ აღმოვაჩინე. ჩემთვის ორგანიზაცია 360 გრადუსია, აქ არ ხდება არც ერთი მიმართულების დაკნინება, ვცდილობთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა თანამშრომელი ჩავრთოთ. ჩვენ „მეამას“ თანამშრომლების სახით, შევქმენით დიდი ბირთვი, ძალა, რომლებსაც ერთმანეთის ესმით და არ იკარგებიან ამ გზაზე.

ეს არის ადგილი, სადაც მუდმივად საუბარია ინოვატორობაზე. ჩვენ მსოფლიო ტრენდს არ მივყვებით, კომპანია ფიქრობს 5-6 წლის შემდეგ. მათთვის ღირებულება არ არის მსოფლიოს დაეწიოს, ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ისეთი, რაც მსოფლიოსთვისაც გასაკვირი იქნება“ - ამბობს „მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიის სამომავლო გეგმებად კი ბოსტოღანაშვილი ინოვაციებსა და საერთაშორისო გაფართხოებას ასახელებს.

„საქართველოს ბაზარს ვაკვირდებით და ვიცით, რომ ის ლიმიტირებულია. ჩვენ ვაკვირდებით ხელფასებს, შემოსავლებს, საფასო პოლიტიკას - სწორედ ამ დაკვირვებებმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ საჭიროა საერთაშორისო ბაზარზე განვითარება.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას „მეამას“ წარმომადგენლობა, მაღაზიები და სხვა ახალი მოდელები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ესაა ჩვენი მომავალი - ინოვაციები და ახალი პროდუქტები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ათი ახალი პროდუქტიდან, რვა შესაძლოა კარგი არ გამოდგეს, თუმცა ორი აუცილებლად იქნება კარგი“ - ამბობს „მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები