მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის მედიამაგნატი ჯიმი ლაი, რომელსაც ჰონგ-კონგის სასამართლო, სავარაუდოდ, უვადო პატიმრობას მიუსჯის

ჯიმი ლაი

ჰონგ-კონგის უზენაესმა სასამართლომ მაგნატი და პროდემოკრატი აქტივისტი, ჯიმი ლაი, უცხოურ ძალებთან შეთქმულებაში დამნაშავედ ცნო. ეს ჩინეთის ეროვნული უსაფრთხოების კანონის ფარგლებში გამართული ყველაზე გახმაურებული პროცესია, რომელიც შესაძლოა ლაისთვის სამუდამო პატიმრობით დასრულდეს.

ამ პრეცედენტულმა საქმემ ჰონგ-კონგის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პროცესი მსოფლიო ფინანსურ ცენტრში უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფონზე მიმდინარეობს, რაც 2019 წლის პროდემოკრატიული აქციების შემდეგ დაიწყო.

თუ 78 წლის ლაის მხარდამჭერები მას თავისუფლებისთვის მებრძოლად მიიჩნევენ, პეკინი მას საპროტესტო აქციების სულისჩამდგმელად და იმ შეთქმულების მონაწილედ აცხადებს, რომელიც ჰონგ-კონგისა და კონტინენტური ჩინეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების დაწესებას ითხოვდა. თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლება კანონის უზენაესობის ხელყოფის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

ვინ არის ჯიმი ლაი და რას ედავება მას სასამართლო?

კათოლიკე ანტრეპრენერმა და მედიამაგნატმა ჯიმი ლაიმ საკუთარი იმპერია სიტყვის თავისუფლებასა და ობიექტურ ჟურნალისტიკაზე ააგო.

12 წლის ასაკში, უკეთესი ცხოვრების იმედით, ლაი კონტინენტური ჩინეთიდან ჰონგ-კონგში გემით გაიპარა. ქალაქში უფულოდ ჩასულმა მოზარდმა მუშაობა ტანსაცმლის ფაბრიკაში დაიწყო, სადაც მოგვიანებით მენეჯერულ პოზიციამდე დაწინაურდა.

მან ჰონგ-კონგში ხარისხიან და ხელმისაწვდომ ტანსაცმელზე არსებული მოთხოვნა შენიშნა და Giordano-ს მაღაზიათა ქსელი დააარსა. ბიზნესი საკმაოდ მოგებიანი აღმოჩნდა, მიღებული სიმდიდრით კი ლაიმ მედიაკონგლომერატი Next Digital დააფუძნა. კომპანია ჰონგ-კონგის ბირჟაზე დალისტულ უმსხვილეს მედიაორგანიზაციად იქცა, რომელიც პოპულარულ ყოველკვირეულ გამოცემას, Next Magazine-ს უშვებდა.

ჟურნალის წარმატების შემდეგ, 1995 წელს ლაიმ Apple Daily დააარსა. ტაბლოიდი ცნობილი იყო პროდემოკრატიული პოზიციით და ჩინეთისა თუ ჰონგ-კონგის მთავრობების კრიტიკით.

მოდის ინდუსტრიასა და მედიაში მიღწეული წარმატების შედეგად, ლაის ცხოვრება "სიღატაკიდან მილიარდერობამდე" გზის კლასიკურ მაგალითად იქცა. 2008 წელს Forbes-მა ის მილიარდერად აღიარა, რომლის ქონებაც $1.2 მლრდ დოლარად ფასდებოდა.

საკუთარი მედიასაშუალებებისა და აქტივიზმის მეშვეობით, ლაი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მწვავე კრიტიკოსად ჩამოყალიბდა. სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, ის პირველად 2020 წლის 10 აგვისტოს დააკავეს, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების შესახებ 2019 წელს მიღებული კანონის საფუძველზე მისი გაზეთის ოფისში რეიდი ჩატარდა.

კომუნისტური მთავრობის მიერ მიღებულმა კანონმა ჰონგ-კონგში სიტყვის თავისუფლება მკვეთრად შეზღუდა, რათა აღკვეთილიყო ქმედებები, რომლებსაც პეკინი „ძირგამომთხრელ საქმიანობად“ მიიჩნევდა. კანონი ძალაში 2020 წლის 1 ივლისს შევიდა და ის ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით მიიღეს.

დაკავების შემდეგ, სასამართლო განხილვის მოლოდინში, ლაი თავდაპირველად გირაოთი გაათავისუფლეს.

ლაი თაღლითობის ბრალდებით ხელახლა, 2020 წლის დეკემბერში დააკავეს და გირაოზე უარი უთხრეს. მომდევნო წლებში მას სასჯელის ვადებს უზრდიდნენ სხვადასხვა ბრალდებით, მათ შორის იყო არასანქცირებული შეკრებები, პროტესტი, თაღლითობის სხვა ეპიზოდები და 2020 წელს, 1989 წლის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ტიანანმენის მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობა.

ეროვნული უსაფრთხოების საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელიც თავდაპირველად 2022 წელს უნდა დაწყებულიყო, 2023 წლის 18 დეკემბრამდე გადაიდო. პროცესი არაერთხელ შეფერხდა, ლაის კი, მრავალი საჩივრის მიუხედავად, გირაოზე უარი ეთქვა. როდესაც განხილვა საბოლოოდ დაიწყო, ლაიმ თავი დამნაშავედ არ ცნო უცხოურ ძალებთან შეთქმულებასა და ამბოხისკენ მოწოდების შემცველი მასალების გამოქვეყნებაში.

ამჟამად დახურული გაზეთის, Apple Daily-ს დამფუძნებელმა და ჩინეთის კომპარტიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კრიტიკოსმა ციხეში უკვე 5 წელი გაატარა.

საბოლოო განაჩენის გამოტანამდე სასამართლო მოსმენა 12 იანვარსაა ჩანიშნული, სადაც ლაის საშუალება ექნება, სასამართლოს სასჯელის შემსუბუქების თხოვნით მიმართოს. ადვოკატ სტივენ კვანის განცხადებით, გაასაჩივრებს თუ არა განაჩენს, ამას ლაი სასჯელის გამოცხადების შემდეგ გადაწყვეტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები