მოლდოვის ყოფილი არაფორმალური მმართველი და ოლიგარქი ვლადიმირ პლახატნიუკი საბერძნეთში დააკავეს. აყვანის მომენტში ის აეროპორტში იმყოფებოდა და დუბაიში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
პლახატნიუკმა მოლდოვა 6 წლის წინ დატოვა. მაია სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და დაკავების ბრძანებაც გაიცა. ქვეყნის ყოფილ არაფორმალურ მმართველს ბრალი მოლდოვურ საბანკო სისტემაში თაღლითური სქემის შექმნასა და შედეგად, $1 მილიარდზე მეტის მიღებაში ედება. ამას გარდა, პლახატნიუკის წინააღმდეგ საქმეები აღძრულია ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებითაც. ოლიგარქის აყვანაში სანდუს ხელისუფლებას დახმარებას შეერთებული შტატები და თურქეთიც უწევდნენ, თუმცა მისი დაკავება მხოლოდ დღეს მოხერხდა.
ვლადიმირ პლახატნიუკმა მოლდოვა 2019 წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა "დემოკრატიულმა პარტიამ" არჩევნები წააგო. შედეგების გამოცხადებიდან მალევე ოლიგარქმა შტატებს პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა, თუმცა განცხადება ტრამპის ხელისუფლებამ არ დააკმაყოფილა. გავრცელებული ინფორმაციით, პლახატნიუკი მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებამდე, 2025 წლის თებერვლამდე ჩრდილოეთ კვიპროსში იმალებოდა.
ვინ არის ვლადიმირ პლახატნიუკი?
2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პლახატნიუკი დაასანქცირა „მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობისთვის“. მათ შორის მოხსენიებული იყო ოფიციალური პირებისა და მოსამართლეების მოსყიდვა და მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ზიანის მიყენება. ის სანქცირებულია ევროკავშირის მიერაც.
რაც შეეხება პოლიტიკურ კარიერას, მოლდოვის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქის პოლიტიკური კარიერა გვიან 2000-იან წლებში დაიწყო და 2019 წელს დასრულდა. ის არასდროს ყოფილა პრემიერ-მინისტრი, თუმცა დემოკრატიული პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის არცერთ ეტაპზე მას ინსტიტუტების არაფორმალური კონტროლი არ შეუწყვეტია. თავდაპირველად ის პარლამენტარი გახდა და 2010-2013 წლებში თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაც დაიკავა. 2013-დან 2016 წლამდე დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე გადაინაცვლა, ბოლო 3 წლის განმავლობაში კი პარტიის თავმჯდომარე იყო.
მმართველობის დროს პლახატნიუკი აკონტროლებდა სასამართლოს, სამართალდამცავ უწყებებს, ბიზნესსა და მედიას. გავლენის სწორედ ამ მასშტაბის გამო ითვლებოდა ის ძალაუფლების მიმტაცებლად და არაფორმალურ მმართველად. მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოლდოვამ რთული ეკონომიკური სტაგნაცია განიცადა. გაიზარდა სიღარიბეც. სამაგიეროდ, გამდიდრდა თავად პლახატნიუკი. თუ არჩევნებში გამარჯვებისას მისი ქონება $300 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, ქვეყნიდან გაქცევისას ეს მაჩვენებელი უკვე სხვადასხვა შეფასებებით $2.5 მილიარდამდე იყო გაზრდილი. ოლიგარქის შემოსავლის ერთ-ერთ მთავარ წყაროს ნავთობითა და უძრავი ქონებით ვაჭრობა წარმოადგენდა. პლახატნიუკი ასევე ფლობდა რამდენიმე ბანკებსა და მედიას.
მედიაზე საუბრისას უნდა ვახსენოთ 4 ყველაზე გავლენიანი ტელეარხი და რამდენიმე რადიოსადგური, რომელთაც ის გავლენის შესანარჩუნებლად აქტიურად იყენებდა. აღსანიშნავია, რომ მმართველობის ბოლო წლებში პლახატნიუკი განსაკუთრებით ცდილობდა კრიტიკული მედიის შეზღუდვას, თუმცა სანდუს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოვლენები პირიქით წარიმართა. ოლიგარქის კონტროლირებადი ყველა მედიაგამოცემა გასულ წელს დაიხურა.
პლახატნიუკის მმართველობის პერიოდში მოლდოვამ მოჩვენებითი პრო-ევროპული გეზი აიღო და 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასაც კი მოაწერა ხელი. ოლიგარქი მაქსიმალურად იკავებდა ევროგაერთიანების კრიტიკისგან თავს და მასზე საუბრისას ფრთხილი იყო საპასუხო პოზიციაც. თუმცა ძალაუფლების არაფორმალურად განკარგვის აშკარა ნიშნების გაჩენის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის ზრდის ფონზე, ევროკავშირმა პლახატნიუკის მიმართ პოზიცია მნიშვნელოვნად გაამკაცრა. სწორედ მათი პოზიციის ცვლილებამ შეუწყო ხელი პრო-დასავლელ მაია სანდუს, მოეგო 2019 წლის არჩევნები და დაემარცხებინა დემოკრატიული პარტია.


























