გასულ კვირაში საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი დამტკიცდა. სენატმა მხარი დაუჭირა რობინ დანიგენის თანამდებობაზე დანიშვნას.
ამერიკის კონსტიტუციით პრეზიდენტის მიერ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. სანამ საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტილებას მიიღებს, ელჩობის კანდიდატის მოსმენები იმართება, სადაც ის საკუთარ ხედვას წარადგენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დანიგენის კანდიდატურა ჯერ კიდევ თებერვალში წარადგინა, თუმცა აქამდე კანდიდატურა მხოლოდ ახლა დამტკიცდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე წერია, რომ დეპარტამენტში საქმიანობა დანიგენმა ივნისში დაასრულა. ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე ის 2018-2021 წლებში ავსტრიაში აშშ-ის საელჩოში იყო საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის უფროსის მოადგილე.
სხვადასხვა დროს კი ის იკავებდა ენერგორესურსების ბიუროს მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიციას. მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში.
საბოლოო ჯამში, დინიგენი 30-წლიანი გამოცდილების მქონე კარიერული დიპლომატია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს.
რაც შეეხება მის განათლებას, დანიგენს მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ბერკლიში. ჯერჯერობით უცნობია როდიდან დაიწყებს ახალი ელჩი საქმიანობას.
პროტოკოლის მიხედვით, სანამ ოფიციალურად მოვალეობის შესრულებას შეუდგება ახალმა ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნების სიგელები უნდა გადასცეს.
დანიგენი თანამდებობაზე კელი დეგნანს ცვლის, რომელიც ამ პოსტს 2020 წლიდან იკავებს.