მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის წარმოშობით ქართველი კატერინა დემეტრაშვილი, რომელიც ჩეხეთის პარლამენტის წევრი გახდა?

კატერინა დემეტრაშვილი

წარმოშობით ქართველი, 22 წლის პოლიტიკოსი, კატერინა დემეტრაშვილი ჩეხეთის პარლამენტის წევრი გახდა.

დემეტრაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში, დეპუტატთა პალატაში ჩეხეთის "მეკობრეთა პარტიის" მანდატით მოხვდა.

2003 წელს დაბადებული კატერინა დემეტრაშვილი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატია, რომელიც 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში "მეკობრეთა პარტიიდან" აირჩიეს. ამასთან, კატერინა დემეტრაშვილი პარტიის ახალგაზრდული ფრთის ვიცე-თავმჯდომარეა.

პარტიის ვებგვერდის თანახმად, კატერინა დემეტრაშვილი რესპუბლიკური კომიტეტის წევრი, "პრაღა 6"-ის პარლამენტის მეორე ვიცე-თავმჯდომარე და ჩარლზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. იგი ტეხასში დაიბადა და პრაღაში გაიზარდა, სადაც მუსიკალური სკოლაც დაამთავრა.

"ახალგაზრდა მეკობრეებს" დემეტრაშვილი 2021 წელს შეუერთდა და აქტიურად მონაწილეობს საინფორმაციო კამპანიებსა და ორგანიზაციის მენეჯმენტში: "პარტიის საბჭოში ის პასუხისმგებელია ახალწვეულების მოზიდვასა და ინტეგრაციაზე და, მოღვაწეობის პერიოდში მან მოახერხა წევრთა რაოდენობის 40%-ზე მეტით გაზრდა".

კატერინა დემეტრაშვილმა თავის წარმომავლობაზე ჩეხურ მედიასთან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ორივე მშობელი ქართველია და მამა უკრაინის ომში იბრძვის.

"ოჯახს გვაქვს გამოცდილება, თუ რას ნიშნავს, როდესაც რუსეთი ცდილობს მოგტაცოს ტერიტორია, რომელიც მას არ ეკუთვნის. 1993 და 2008 წლებში რუსეთმა სცადა მიეთვისებინა რაც შეიძლება დიდი ტერიტორია საქართველოსგან, საიდანაც მე ვარ, რაზეც ჩემი გვარი მეტყველებს. საბოლოოდ, მათ აფხაზეთი და ოსეთი დარჩათ, რაც ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს შეადგენს. ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩემი ბაბუა, ასევე მამაჩემი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ამიტომ, 2022 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მამაჩემმა გადაწყვიტა, რომ სურდა ქვეყნის სუვერენიტეტი ქართული ლეგიონის რიგებიდან დაეცვა. ის სნაიპერია", - ჰყვება კატერინა დემეტრაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები