მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ და რატომ აპირებს ისანში „დაშლილების ბაზრობის“ ადგილზე საცხოვრებელი უბნის მოწყობას?

ისნის დაშლილები

"რეალ ინვესტი" ე.წ. ისნის დაშლილების ტერიტორიაზე, ქეთევან წამებულის №71-ში მრავალფუნქციური პროექტის განხორციელებას გეგმავს. შესაბამისი ინფორმაცია გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტებშია ასახული, რომლებიც გარემოს ეროვნული სააგენტოშია წარდგენილი.

დოკუმენტების მიხედვით, საპროექტო ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს ე.წ. „ისნის დაშლილების ბაზრობა“, სადაც განთავსებულია ავტომობილების სათადარიგო ნაწილებითა და ფერადი ლითონებით ვაჭრობის, ავტოტექმომსახურებისა და მსგავსი ტიპის ობიექტები. ტერიტორია წლების განმავლობაში სხვადასხვა მოიჯარის სარგებლობაში იყო.

ამ ეტაპზე პროექტი გზშ-ის პროცედურას გადის და კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განაშენიანებისთვის საჭირო ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა უკვე დაწყებულია განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროცედურა თბილისის მერიას შესაბამის უწყებაში.

საპროექტო ტერიტორია მოიცავს კომპანიის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო ფართობი 17.5 ჰექტარია.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, „რეალ ინვესტის“ მფლობელია Georgian Investments Limited. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ილია კოკაია, წევრები კი გიორგი კაპანაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი არიან.

დოკუმენტებში კომპანია მიუთითებს, რომ არსებული ბაზრობის ფუნქციის შენარჩუნება აღარ მიიჩნევა რელევანტურად, მათ შორის დედაქალაქში საცხოვრებელ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე. „რეალ ინვესტი“ გეგმავს ტერიტორიის განვითარებას ახალი კონცეფციის საცხოვრებელი უბნის სახით, რომელიც ინტეგრირებული იქნება გარემოსთან და მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ისე საზოგადოებრივ და ინფრასტრუქტურულ სივრცეებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსების, სავაჭრო და საოფისე ფართების, სპორტული დარბაზის, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ფინანსური მომსახურების ობიექტების, ასევე საბავშვო ბაღისა და სკოლის მოწყობა. ქეთევან წამებულის გამზირის გასწვრივ იგეგმება სავაჭრო ცენტრის („მოლის“) განთავსება, რომელსაც მაღლივი საოფისე შენობებიც ექნება, ხოლო ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში – სკოლა და ბაღი.

პროექტის მიხედვით, შენობების სიმაღლე ძირითადად 12-დან 25 სართულამდე იქნება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში გათვალისწინებულია 40-სართულიანი შენობებიც. ტერიტორიას გადაკვეთს ცენტრალური გამზირი, რომელიც მომავალში დაუკავშირდება უშანგი სოფრომიძის ქუჩას.

განვითარება ეტაპობრივად განხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ტერიტორიის სამხრეთ ნაწილიდან, ხოლო ჩრდილოეთ ნაწილში, ქეთევან დედოფლის გამზირის მხარეს, სამუშაოები პროექტის დასკვნით ეტაპზე გადავა. შესაბამისად, მოიჯარეებთან არსებული ხელშეკრულებების შეწყვეტაც ეტაპობრივად იგეგმება. დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე კომპანია არ აპირებს ყველა საიჯარო ურთიერთობის ერთდროულად დასრულებას.

პროექტის სრული განხორციელების ვადა 7-დან 12 წლამდე პერიოდად არის განსაზღვრული.

წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ტერიტორიაზე მოქმედებს სხვადასხვა ფუნქციური ზონა, მათ შორის საცხოვრებელი ზონა (სზ-6), საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა (სსზ-2), სამრეწველო ზონა (ს-1) და სატრანსპორტო ზონა (ტზ-1). ნაწილზე ასევე განსაზღვრულია სარეკრეაციო ზონა (რზ-2) და ურბანული გამწვანება, რაც დამატებით რეგულაციებს აწესებს მშენებლობასა და სივრცის გამოყენებაზე.

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გამწვანებული ტერიტორიები დაცულია კანონმდებლობით და ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს შესაბამისი ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები