ანაკლიის პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის დამპროექტებელი კომპანიის ვინაობა ისევ უცნობია. მეოთხე თვეა გამოცხადებულ ტენდერში, წინადადებების წარდგენის ვადა ამოიწურა, თუმცა კომისიას გამარჯვებული ჯერ არ გამოუვლენია. სატენდერო კომისიამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, უკვე მეოთხე კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია და ახლა მეხუთის-,,IDOM CONSULTING ENGINEERING ARCHITECTURE SAU“-ის წინადადების შესწავლა დაიწყო. კომპანია ესპანეთში, ქალაქ ბილბაოშია რეგისტრირებული და მან პროექტირებისთვის სახელმწიფოს 9,6 მილიონი ლარი შესთავაზა, 1,4 მილიონით ნაკლები საწყის სატენდერო ფასთან შედარებით. აქამდე გზების დეპარტამენტის სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია ლატვიურ Tilts-ს, კოკს კონსალტი-ს საქართველოს ფილიალს, ასევე ესპანურ teknika i proiektos და იტალიურ ANAS INTERNATIONAL ENTERPRISE-ს მისცა.
შეგახსენებთ, რომ პორტთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის-რკინიგზის და საავტომობილო გზის დაპროექტების მიზნით გამოცხადებული ეს უკვე მესამე ტენდერია. კომპანიის გამოვლენას სახელმწიფო უკვე მეორე წელია ცდილობს.