ინგლისის ასოციაციის თასი ტურნირია, რომლისთვისაც სენსაციები უცხო არ არის. ამჟამად კი სენსაციის შემოქმედი ინგლისის მე-6 ლიგის წარმომადგენელი “მეკლსფილდი” გახდა, რომელმაც ასპარეზობას თასის მოქმედი გამარჯვებული “კრისტალ პალასი” გამოთიშა. თანაც ამ პატარა ინგლისურ გუნდს ლეგენდარული უეინ რუნის უმცროსი ძმა ჯონ რუნი წვრთნის.
აღსანიშნავია, რომ წარსულში კლუბის ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამანგრეველი იყო, რომ 2020 წლის სექტემბერში, დაქვეითებისა და ქულების განმეორებითი სანქციების შემდეგ, ფაქტობრივად გუნდი დაიშალა. სასოწარკვეთილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა კოვიდპანდემია, გადაადგილების შეზღუდვები და ფეხბურთის მყიფე ეკონომიკა. ფეხბურთის მმართველი ორგანოები გულგრილად გამოიყურებოდნენ, თითქოს უბრალოდ მხრებს იჩეჩავდნენ ბიზნესის ჩავარდნისა და მისი შედეგების წინაშე. საჭირო გახდა გონივრული ბიზნესგადაწყვეტილება, რათა ფენიქსივით აღმდგარიყო ახალი კლუბი.
ამ დროს გამოჩნდა რობ სმეთერსტი - ადგილობრივი მეწარმე, რომელმაც Moss Rose-ის ინვენტარი და ინფრასტრუქტურა Rightmove-ის ვებგვერდიდან შეიძინა. მან ნახევარი მილიონი გირვანქა სტერლინგის ვალები დაფარა, შედეგად ჯამში 4 მილიონი გირვანქა ჩადო და მალევე დაუბრუნა კლუბი საკუთარ ქალაქს. თანაც, როგორც სმეთერსტმა მოგვიანებით აღიარა, კლუბის შეძენის გადაწყვეტილება ნასვამ მდგომარეობაში მიიღო, ისე რომ მისი მართვის არაფერი გაეგებოდა. სწორედ 4G ხელოვნურმა საფარმა, რომელმაც შაბათს “კრისტალ პალასს” სერიოზული პრობლემები შეუქმნა, გადამწყვეტი როლი ითამაშა: ადგილობრივებს საშუალება მიეცათ კვირის განმავლობაში ევარჯიშათ და ეთამაშათ ამ მოედანზე, რაც შემოსავალს ზრდიდა.
“მეკლსფილდი” არ არის “ვრექსჰემი” - ჰოლივუდის პროდიუსერების მიერ შერჩეული ქალაქი, რომელმაც ბრიტანული მუშათა კლასის ცხოვრების ვიტრინად ქცევა და შემდეგ ორი ამერიკელი კინოვარსკვლავის პროექტად გარდაქმნა განიცადა. ჭორების თანახმად, “მეკლსფილდი” სწორედ ამიტომ არ მოხვდა Disney-ის “ვრექსჰემის” პროექტში: ჩეშირში მდებარეობის და ჩრდილო-დასავლეთის ფეხბურთელებითა და ბროკერებით სავსე სოფლების სიახლოვის გამო, ქალაქი მეტისმეტად “ბურჟუაზიულად“ ჩაითვალა. თუმცა “მეკლსფილდს”, მაინც მკაცრი, მუშათა კლასის ხასიათი აქვს, განსაკუთრებით იმ უბანში, სადაც სტადიონია განთავსებული.




























