"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე მუშაობის უფლების გაცემის წესს განსაზღვრავს. ახალი რეგულაციები 2026 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება და მკაცრად არეგულირებს, თუ ვინ, როგორ და რა ფასად უნდა მიიღოს საქართველოში მუშაობის უფლება.
BM.GE დაინტერესდა და გთავაზობთ დეტალებს, ვინ და რა მექანიზმით აღასრულებს კანონს დადგენილების მიხედვით.
კანონმდებლობის აღსრულებასა და მონიტორინგზე რამდენიმე სახელმწიფო უწყება იქნება პასუხისმგებელი:
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო: სწორედ ეს ორგანო გასცემს მუშაობის უფლებას, ამოწმებს ვაკანსიებს და ახორციელებს პირობების დაცვის მონიტორინგს.
- შრომის ინსპექციის სამსახური: თუ სააგენტო მონიტორინგისას დარღვევას აღმოაჩენს, ინფორმაციას შრომის ინსპექციას გადასცემს. სწორედ ინსპექციაა უფლებამოსილი, სამართალდამრღვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს და დააჯარიმოს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო: შსს გააკონტროლებს იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი საფუძვლის (ვიზის ან ბინადრობის) გარეშე იმყოფებიან და მუშაობენ. სამინისტრო უფლებამოსილია დააჯარიმოს უცხოელი ან დაიწყოს მისი გაძევების პროცედურა.
რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მხარეები?
დაჯარიმების საფუძველი შეიძლება გახდეს რამდენიმე გარემოება:
- თუ უცხოელი მუშაობს სააგენტოს მიერ გაცემული უფლების გარეშე.
- თუ იმიგრანტი მუშაობს სხვა პოზიციაზე ან სხვა სფეროში, ვიდრე ეს ნებართვით იყო განსაზღვრული.
- თუ დამსაქმებელი 5 დღის ვადაში არ შეატყობინებს სააგენტოს უცხოელთან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ.
- კვოტების დარღვევა: მუშაობა იმ სფეროებში, სადაც ადგილობრივი მუშახელი ჭარბობს და დაწესებულია წლიური კვოტები. (კვოტები ნულოვანია კურიერების, გიდების და ტაქსის მძღოლებისთვის).
შენიშვნა: დაჯარიმების კონკრეტული ოდენობები განსაზღვრულია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის 16-ე მუხლებით (161-დან 166-მდე), რაც გულისხმობს ფულად სანქციებს როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებული უცხოელისთვის.
რა დაჯდება უფლების მოპოვება?
შრომითი საქმიანობის უფლების მიღება ფასიანია და თანხა დამოკიდებულია ვადებზე:
- სტანდარტული (30 კალენდარული დღე): 200 ლარი;
- დაჩქარებული (10 სამუშაო დღე): 400 ლარი;
- ვადის გაგრძელება: 200 ლარი.
მნიშვნელოვანია: იმიგრანტის შემთხვევაში საფასურს იხდის დამსაქმებელი, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია თანხა პირადად გადაიხადოს.
ვადები და გამონაკლისები
ახალი წესები არ ვრცელდება ლტოლვილებზე, დიპლომატებზე, აკრედიტებულ ჟურნალისტებსა და საინვესტიციო ბინადრობის მქონე პირებზე.
დადგენილია გარდამავალი პერიოდიც:
- თვითდასაქმებული უცხოელების მიმართ, რომლებიც უკვე საქმიანობენ საქართველოში, აღსრულების მექანიზმი 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.
- უკვე რეგისტრირებულმა შრომითმა იმიგრანტებმა უფლება და ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მოიპოვონ.




























