მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გახდება ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი ხელმძღვანელი?

ecb

ევროპის ცენტრალური ბანკიდან ფრანგი ეკონომისტის, კრისტინ ლაგარდის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, ახალი პრეზიდენტი ნიდერლანდების ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, კლას კნოტი გახდეს, რომლის კანდიდატურასაც უკვე ყველა უჭერს მხარს, მათ შორის თავად საფრანგეთი.

როგორც Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ECB-ში უკვე კონსენსუსი მიღწეულია, თუმცა მთავარი საკითხი ისევ გაურკვეველია, კერძოდ, როდის აპირებს ლაგარდი თანამდებობის დატოვებას?

საქმე ისაა, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ვრცელდება ცნობები კრისტინ ლაგარდის შესაძლო ვადამდელი გადადგომის შესახებ, თუმცა მისი უფლებამოსილების ვადა ოფიციალურად 2027 წლის ოქტომბრამდე გრძელდება. თავად ლაგარდს ადრეულ გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ დაუდასტურებია, შესაბამისად, მთელი ევროკავშირი ამჟამად მოლოდინის რეჟიმშია.

ცნობისთვის, 59 წლის კლას კნოტი ნიდერლანდების ცენტრალურ ბანკს 2011-დან 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო 2021 წლიდან ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ECB-ის მმართველ საბჭოში 14-წლიანი მოღვაწეობისას იგი პრაგმატულ მონეტარულ ეკონომისტად ჩამოყალიბდა. ის ყოფილი პრეზიდენტის, მარიო დრაგის სტიმულირების პოლიტიკას ღიად უპირისპირდებოდა, თუმცა კრისტინ ლაგარდის მმართველობის პერიოდში გადაწყვეტილებების მიღებისას სრული ჰარმონიულობით გამოირჩეოდა.

პარალელურად, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის პოტენციურ კანდიდატებად სხვა გავლენიანი ფიგურებიც განიხილებიან. მათ შორის არის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მოქმედი ხელმძღვანელი და ესპანეთის ბანკის ყოფილი მმართველი, 55 წლის პაბლო ერნანდეს დე კოსი.

კანდიდატთა შორის აგრეთვე მოიაზრება Bundesbank-ის პრეზიდენტი, 60 წლის იოახიმ ნაგელიც, რომელმაც გერმანიის ცენტრალურ ბანკსა და ECB-ის შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეარბილა და ევროპული დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნასაც კი დაუჭირა მხარი.

ამასთან, პოტენციურ ფავორიტთა სიაში სახელდება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტი, 57 წლის ნადია კალვინიოც. თუმცა ესპანეთის ყოფილ მინისტრს ამ პოსტისადმი ინტერესი საჯაროდ არ გამოუხატავს, ამიტომ ის ფავორიტად არ განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები