მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გახდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები 2026 წელს?

ფიზიკა

ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა პრესტიჟული ჯილდოს 2026 წლის ლაურეატთა დასახელება ოფიციალურად დაასრულა. გასული კვირის განმავლობაში, მათ მსოფლიოს გააცნეს ადამიანები, რომელთაც მეცნიერების სხვადასხვა დარგში, ასევე ლიტერატურასა და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის პრემია გადაეცათ.

განსაკუთრებულად ყურადღება წელსად მიპყრობილი იყო იმისკენ, მიიღებდა თუ არა ელიტარულ ჯილდოს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ის ნორვეგიულ კომიტეტს აზერბაიჯანისა და სომხეთის, ასევე პაკისტანისა და ისრაელის ლიდერებმა წარუდგინეს, თუმცა, შტატების ლიდერმა ვერც ამჯერად შეძლო გამარჯვება.

ვინ გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი?

როგორც ოსლოში გამართული ღონისძიებიდან გავიგეთ, კომიტეტმა გლობალურად ყველაზე პრესტიჟული ჯილდო სამხრეთ აფრიკელ 85 წლის უფლებადამცველს, ნავი პილეის გადასცა. მან ეს საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

თავად პილეიმ იურიდიული საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში, აპარტეიდის დროს დაიწყო. იყო საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი პირველი ფერადკანიანი ქალი, იცავდა პოლიტიკურ პატიმრებს. ამხელდა წამების სისტემურ პრაქტიკას. მისი დამსახურებაა, რომ ნელსონ მანდელამ ადვოკატთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება მიიღო. ის 1995 წელს ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა. შემდგომ წლებში კი საერთაშორისო მართლმსაჯულების ასპარეზზეც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. სწორედ მის მიერ მიღებულმა განაჩენმა აღიარა შეიარაღებულ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობა გენოციდის ნაწილად.

აღსანიშნავია, რომ პილეი ჰააგის სასამართლოშიც ასრულებდა მოსამართლის მოვალეობას წლების განმავლობაში. 2008-2014 წლებში კი იკავებდა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობას.

ვინ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი მედიცინის დარგში?

მედიცინისა და ფიზიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კონკრეტულად კი ნეირომეცნიერების სფეროში გარდატეხისა და ოპტოგენეტიკის შექმნისთვის ჯილდო პროფესორებს: კარლ დეისეროთს, პეტერ ჰეგემანსა და და გეორგ ნაგელს მიენიჭათ.

მათ ამ მიმართულების განვითარება ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარის შესწავლით დაიწყეს. ჰეგემანმა და ნაგელმა მასში აღმოაჩინეს უნიკალური ცილა, რომელიც ლურჯ სინათლეზე იხსნება და უჯრედში ელექტრულ იმპულსს აჩენს. დეისეროთმა კი ეს მექანიზმი ცოცხალი ორგანიზმის ნერვულ უჯრედებში გადაიტანა. შედეგად, მეცნიერებმა შექმნეს ერთგვარი სინათლის გადამრთველი, რითაც ცოცხალ ტვინში კონკრეტული ნეირონების ჩართვა ან გამორთვა გახდება შესაძლებელი. რაც მთავარია, კლინიკურ მედიცინაში ამ მეთოდით შესაძლოა ადამიანებისთვის მხედველობის აღდგენა მოხერხდეს.

ვინ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი ქიმიის დარგში?

ქიმიის დარგში ჯილდო ფრანგმა ანრი კაგანმა და იაპონელმა კენსო სოაიმ მიიღეს. მათ პრემია ასწლოვანი ამოცანის ამოხსნისთვის ერგოთ. კერძოდ, მეცნიერებმა ასიმეტრიულ ორგანულ სინთეზში არაწრფივი ეფექტები და ავტოკატალიზი აღმოაჩინეს. რომ გავამარტივოთ, ზოგადად, ბუნებაში მოლეკულები, მათ შორის სასიცოცხლო ამინომჟავები, ხშირად ორ სარკისებურ ვარიანტად არსებობს. თუმცა ცოცხალი ორგანიზმები მხოლოდ ერთ ვარიანტს შეიცავენ.

კაგანმა და სოაიმ შეიმუშავეს რეაქციები, რომლებმაც ბუნების მიღმა პირველად გახადა შესაძლებელი მხოლოდ ერთი სარკისებური ფორმის მიღება. როგორც თავად მეცნიერები აღნიშნავენ, ამას ფარმაცევტულ ინდუსტრიაზე დიდი გავლენა ექნება, თუმცა რა მხრივ, ეს ჯერ არ არის ცნობილი.

ვინ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი ფიზიკის დარგში?

ფიზიკის განვითარებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის პროფესორს, ფრენსის ჰალზენს გადაეცა. მან ჯერ კიდევ 1988 წელს გათვალა, რომ სამხრეთ პოლუსის სუფთა მყინვარი იდეალური გარემო იქნებოდა სამყაროს ყველაზე იდუმალი ნაწილაკების - ნეიტრინოების დასაჭერად. ამ თეორიის დასამტკიცებლად მან შექმნა პროექტი IceCube-ი. ანუ სამხრეთ პოლუსზე, ყინულში 1 კუბური კილომეტრის სიღრმეზე ჩაამონტაჟა სინათლის სენსორების გიგანტური ობსერვატორია და შეძლო ნეიტრინოების ახალი თვისების გამოვლენა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ნეიტრინოები დედამიწასა და ჩვენს სხეულში ისე გადიან, რომ არაფერთან შედიან კონტაქტში, არ იცვლიან მიმართულებას და არ კარგავენ ენერგიას. აი, მაშინ კი, როდესაც ასეთი ნაწილაკი ყინულის ატომის ბირთვს ეჯახება, სინათლის უმცირეს ნაპერწკალს ტოვებს.

ჰალზენის ლიდერობით კი, მეცნიერებმა პირველად შეძლეს მზის სისტემის მიღმა, სამყაროს ყველაზე ექსტრემალური ბუნებრივი ამაჩქარებლებიდან წამოსული მაღალენერგიული ნეიტრინოების დაფიქსირება, რამაც ასტრონომიაში ახალი კარი გახსნა.

ვინ გახდა ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში?

წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ ავტორს, ენ კარსონს მიენიჭა. ის მთელი კარიერის განმავლობაში წერდა ლექსებს, თარგმნიდა ნაწარმოებებს და გამოირჩეოდა ანტიკური ფილოლოგიის უბადლო ცოდნით. ნობელის კომიტეტის შეფასებით, მან თავი გამოიჩინა გაბედული შემოქმედებით, რომელიც კლასიკურ ტრადიციასთან თამამი, ცოცხალი დიალოგით თანამედროვე ლიტერატურაში სრულიად ახალ ფორმებს ამკვიდრებს.

მოკლედ, ასეთი იყო 2026 წლის ნობელის პრემია. ინფორმაციისთვის, წელს ამ ინსტიტუტმა დაარსების 125 წელი იზეიმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები